logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე" - ირაკლი ნადარეიშვილი

"ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე" - ირაკლი ნადარეიშვილი

1751960349

"ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა სამოქალაქო ავიაცია, სადაც ზრდადია როგორც ფრენების სიხშირე, ასევე მგზავრთნაკადი,"- ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა. 

„ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩინეთთან ურთიერთობის მეტი გაღრმავებით სამოქალაქო ავიაციის სექტორში. როგორც ქართული, ისე ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან გამოხატულია მზარდი ინტერესი საქართველოსა და ჩინეთის საავიაციო ბაზრების ათვისების და ოპერირების გაფართოების კუთხით. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, ჩინეთთან სიხშირეებისა და ავიამიმართულებების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და ტურისტული ნაკადების ზრდას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ჩინეთს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის, ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ახალი ავიამიმართულებების დამატების შესაძლებლობა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წელს ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 57,184 მგზავრი, რაც 2023 წელთან შედარებით 45%-იან ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებს, საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 29,212 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 91%-ით მეტია. ამჟამად, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს ახორციელებენ  China Southern Airlines-ი და Air China ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე. ჯამში, სამგზავრო ფრენები კვირაში 10 სიხშირით ხორციელდება. ქვეყნები ასევე თანამშრომლობენ სატვირთო ავიაგადაზიდვების სფეროშიც, რომლებზეც მოთხოვნა არსებობს როგორც ქართული, ისე ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, შეხვედრა ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის უწყებებს შორის გაგრძელდა, სადაც განხილულ იქნა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა საავიაციო ბაზრების ეტაპობრივი ურთიერთგახსნა, მგზავრთნაკადისა და საჰაერო ტვირთბრუნვის ზრდა, ახალი ავიამიმართულებების დამატება და ა.შ.

გამოგვყევით