logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"გასაქირავებელი ბინების ფასები კვადრატულ მეტრზე $9-10-ის ფარგლებში შენარჩუნდება" - ზუკა თავყელიშვილი

თბილისში ქირის ფასები გასულ წელს, მეტწილად, სტაბილური იყო და კვადრატულ მეტრზე 10 დოლარის ფარგლებში ნარჩუნდებოდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart -ის ასოცირებულმა მკვლევარმა  ზუკა თავყელიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს ტენდენცია გასული წლის ბოლო თვეს, დეკემბერშიც გაგრძელდა და საშუალო ზომის ბინის გასაქირავებელმა ფასმა, კვადრატულ მეტრზე 9.7 დოლარი შეადგინა.

„ეს წლიურად ქირის ფასის 9%-იანი შემცირებაა. თუმცა, თუ ამ მონაცემს შევადარებთ 2023 წლის მარტის თვეს, როდესაც თბილისში ქირის ფასის პიკური მაჩვენებელი  - კერძოდ, კვადრატულ მეტრზე თითქმის 12 დოლარი დაფიქსირდა, ამ მონაცემთან შედარებით კლება თითქმის 18%-ია. ფასების კლების მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ მიგრაციული ეფექტის ამოწურვა, ანუ დამატებითი მოთხოვნის შემცირება და ასევე, მიწოდების გაზრდა, რადგან ბოლო წლებში, დედაქალაქში ბევრი ახალ აშენებული საცხოვრებელი ფართი შევიდა ექსპლუატაციაში, რომელიც ბაზარზე გასაქირავებლად გამოვიდა“, - განაცხადა ზუკა თავყელიშვილმა.

მან პროგნოზებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ სავარაუდოდ, 2025 წელსაც გასაქირავებელი ბინების ფასები კვადრატულ მეტრზე 9-10 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება.

რაც შეეხება ბინების ტრანზაქციებს, „გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებითვე, გასულ წელს თბილისში 40 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა. როგორც საინვესტიციო ბანკში განმარტავენ, 2024 წელს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ტურბულენტური გარემოს მიუხედავად, ბინების ჯამური გაყიდვები წლიურად 1%-ით გაიზარდა.

„ადგილობრივი მოსახლეობის წილი ჯამურ გაყიდვებში სტაბილურად 80%-ის ფარგლებშია, შესაბამისად, ის მოთხოვნის მამოძრავებელი მთავარი ძალაა. ამასთან, მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ 2024 წელს რუსი მყიდველების წილი შემცირდა, ისრაელის მოქალაქეების კი გაიზარდა. რაც შეეხება გასაყიდი უძრავი ქონების ფასებს, 2024 წელს კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი დოლარში თბილისის პირველად ბაზარზე, წლიურად, 11.6%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ გაძვირებულმა სამშენებლო ხარჯებმა გამოიწვია და კვადრატულ მეტრზე 1320 დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ფასების ზრდის ტემპი 2022-23 წლებთან შედარებით შენელებულია“, - განმარტა Galt & Taggart -ის ასოცირებულმა მკვლევარმა.

რაც შეეხება მოლოდინებს, ანალიტიკოსები ელიან, რომ 2025 წელს უძრავი ქონება, საშუალოდ, 10%-ის ფარგლებში გაძვირდება, გაყიდვების კუთხით კი მათივე შეფასებით, შიდა პოლიტიკური არა სტაბილურობის გამო, მოთხოვნის შენელებაა მოსალოდნელი.

„გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებითვე, 2024 წელს 255 სამშენებლო ნებართვა გაიცა საცხოვრებელ პროექტებზე. საუბარია, დაახლოებით, 2 მილიონი კვადრატული მეტრის საერთო საცხოვრებელ ფართზე, რაც თითქმის 7%-ით ნაკლებია 2023 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე, თუმცა მაინც მაღალ დონეზეა შენარჩუნებული. 2024 წელს ნებართვების ყველაზე დიდი მოცულობა გაიცა საბურთალოზე, რასაც მოჰყვება დიდი დიღომი და სამგორი.

გამოგვყევით