„ის,რასაც მაკროეკონომიკური თვალსაზრისით მივაღწიეთ იყო სწორი, გააზრებული და პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილის შედეგი ,“- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია არსებული ზრდა შევინარჩუნოთ, რათა ქვეყანამ საშუალოზე მაღალ შემოსავლიანი ქვეყნის სტატუსი მოიპოვოს.
„დავინახეთ რა ცვლილებები არსებობს მსოფლიო ეკონომიკურ მოდელში, რა შესაძლებლობებს ქმნის ის და მეორე მხრივ, ასევე, სწორად შევაფასეთ რისკები, რომლებიც მსგავსი ცვლილებების შემთხვევაში არსებობს. დავაზღვიეთ რისკები და გამოვიყენეთ შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა შევინარჩუნოთ. 2025 წლის ბოლოს 1 სულ მოსახლეზე ჩვენი ეკონომიკა 10 000 დოლარს გადააჭარბებს, რაც მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკვე არის საშუალოზე მაღალ შემოსავლიანი ქვეყნის სტატუსი, თუმცა ამ სტატუსის მისაღებად საჭიროა, რომ აღნიშნული ზრდა გავაგრძელოთ,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე განცხადებით, ეს შედეგები აისახა იმ სექტორებში დასაქმებულთა შემოსავლების ზრდაზე, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას აგენერირებდნენ. კერძოდ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, გადაზიდვის, სამშენებლო და ტურიზმის სექტორები გამოყო.