logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მოღალატეობრივი პოლიტიკის შემთხვევაში, ქვეყანას 17%-მდე ეკონომიკური ვარდნა ექნებოდა" - შალვა პაპუაშვილი

რუსეთ-უკრაინის დაწყების შემდეგ უცხოელები საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დახურულ კარს მიღმა ითხოვდნენ და ამის შესახებ საუბრის დრო აუცილებლად დადგება. ამის შესახებ პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომაris განცხადებით, თავქარიანი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის ეკონომიკური შედეგი ეკონომისტების მიერ დეტალურად არის დათვლილი და 2022 წელს ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა საქართველოს 17%-მდე ეკონომიკური ვარდნა ექნებოდა.

მისივე ინფორმაციით, 17%-იანი ეკონომიკური ვარდნა 18 მლრდ. ლარის ზარალს უდრის.

"სანქციების დაწესების პარალელურად არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ორგანიზაცია არ გვაძლევდა და არ გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიებს, იმ შემთხვევისთვის თუ სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკურ კრიზისამდე, ან სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანდა. ეს იმ პირობებში, როდესაც სანქციების დაწესება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობადაც კი სახელდებოდა. საზოგადოებას ალბათ, ახსოვს სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ საქართველოდან სანქციების დაწესებას არავინ არ ითხოვს. რაც, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე. ბევრი უცხოელი ხვდებოდა, რომ სანქციების დაწესების საჯარო მოთხოვნას საზოგადოების შესაბამისი მოთხოვნა მოჰყვებოდა, ამიტომ ეს მოთხოვნები დახურულ კარს მიღმა ან არაპირდაპირ ჟღერდებოდა. თუმცა ვნახეთ საქართველოს პოლიტიკის საჯაროდ დაგმობაც და სანქციების დაწესების მოთხოვნებიც. მაგალითად, ლიეტუვის პარლამენტის 2022 წლის  აპრილის რეზოლუციაში, ევროპარლამენტის 2022 წლის დეკემბრის რეზოლუციაში, ლატვიის პრეზიდენტის 2023 წლის სექტემბრის განცხადებაში, ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის 2023 წლის თებერვლის განცხადებაში და ა.შ. რას და როგორ ითხოვდნენ უცხოელები დახურულ კარს მიღმა ეს ცალკე საუბრის თემაა, რომლის დროც აუცილებლად დადგება.

რა იქნებოდა ამგვარი თავქარიანი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის ეკონომიკური შედეგი ეკონომისტების მიერ დეტალურად არის დათვლილი. 2022 წელს ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა საქართველოს 17%-მდე ეკონომიკური ვარდნა ექნებოდა, რაც 18 მლრდ. ლარის ზარალს უდრის. შედეგად ჩვენ 3-ჯერ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას მივიღებდით, რაც პანდემიის დროს იყო, რაც ეკონომიკის ჩამოშლის ტოლფასია. თანაც ეს იმ შემთხვევაში თუ ესკალაცია ეკონომიკურ ომს არ გაცდებოდა. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ამგვარი ესკალაცია ცხელ ომამდე მიგვიყვანდა, ამას ხვდება ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე არა მხოლოდ უკრაინის მაგალითზე, არამედ ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულიდანაც. ამის საპირისპიროდ, სწორედ იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა არავის ინტერესი არ დააყენა დღეს ვართ ლამის ერთადერთი მშვიდობის კუნძული ცეცხლის ალში გახვეულ რეგიონში და გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

ამიტომაც, 26 ოქტომბერს, ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მარტივი და ცხადი არჩევანი ექნება, ვინაიდან არჩევანი დგას ომსა და მშვიდობას, ნგრევასა და წინსვლას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის", - აცხადებს პაპუაშვილი.

გამოგვყევით