logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მსოფლიოში საწვავის გაიაფების მოლოდინია - "შესაძლოა, ნავთობის ღირებულება ბარელზე $60-მდე ჩამოვიდეს"

მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაიაფების მოლოდინია - საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე ფასების ვარდნის ტენდენცია შეინიშნება. ამჟამად, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 71 დოლარად ივაჭრება და ბოლო 1 თვეში, მისი ღირებულება, დაახლოებით, 10 დოლარის ფარგლებშია შემცირებული.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Galt & Taggart -ის უფროსმა ანალიტიკოსმა  სერგი ყურაშვილმა განუცხადა, აგვისტოს თვეში ნავთობის ფასი 2,5 პროცენტით შემცირდა და ფასების კლება სექტემბერშიც გაგრძელდა.

„სანავთობო ბირჟებზე ფასების ვარდნას ანალიტიკოსები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის სახელდება - ლიბიის პოლიტიკური კრიზისი და მისი გადაჭრის მოლოდინები, ასევე ჩინეთის ეკონომიკური პრობლემები და ამერიკაში ნავთობზე არსებული დაბალი მოთხოვნა. იყო ვარაუდი, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი და ლიბიაში პოლიტიკური კრიზისი, კიდევ უფრო გამწვავდებოდა, რის გამოც ნავთობის ფასები გაიზრდებოდა. თუმცა კონფლიქტების ეფექტი მალევე ამოიწურა და მაგალითად, ლიბიაში - რომელიც მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია, ბოლო კვირებში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები პროგრესს აჩვენებს. ამ ყველაფერმა კი საწვავის ფასის ზრდას ხელი შეუშალა და მეტიც, ბირჟა გადაერთო ისეთ ფუნდამენტურ გამოწვევაზე, როგორიც არის მსოფლიო ეკონომიკა და მისი მოთხოვნა. აქ განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩინეთის ფაქტორი. ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველია  და მისი ეკონომიკის მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო ბაზარზე. უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა, რაც ინვესტორებში შიშს იწვევს. ისინი ფიქრობენ, რომ ჩინეთის ეკონომიკის შესუსტება, გლობალური მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, რაც ნავთობის ფასებზე ზეწოლას ახდენს“, - განმარტა სერგი ყურაშვილმა.

ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები ელიან, რომ შესაძლოა, ნავთობის ფასის ვარდნა გაგრძელდეს. მეტიც, ზოგიერთი საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, არ არის გამორიცხული, რომ 2025 წელს ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება ბარელზე 60 დოლარამდეც კი ჩამოვიდეს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ქართულ ბაზარზე ასახვა ჯერ არ ჰქონია, ვინაიდან საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ქვეყნებში ფასები არ შემცირებულა. ამჟამად, ქვეყანაში ბენზინის იმპორტი უმეტესად ევროპული სახელმწიფოებიდან ხორციელდება - კერძოდ, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და ბელორუსიიდან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივნისის თვეებში, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 620 ათასი ტონა შეადგინა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

გამოგვყევით