ბიზნესმენ ნიკოლოზ გამყრელიძის შეფასებით, დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რაც ბუნებრივად ეკონომიკურ კრიზისსაც გამოიწვევს.
„დღეს ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რაც ბუნებრივად იწვევს ეკონომიკურ კრიზისს. საბედნიეროდ ეს მყისიერად არ ხდება. არავის უნდა უხაროდეს, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შევიდეს, მაგრამ ჩვენ ამას ვხედავთ. ვფიქრობ, თუ დეესკალაცია არ მოხდება, ეკონომიკურ კრიზისთან მივალთ, უბრალოდ როდის იქნება ეს, შეფასებითია. ზოგს ეგონა, რომ თებერვალ-მარტში ჩამოიქცეოდა ეკონომიკა, მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკას აქვს პერიოდი, როდესაც პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში იწყებს გადასვლას. ჩვენ ახლა ვართ მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად, რაღაც პერიოდში გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს“, - აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანას სავაჭრო დეფიციტი აქვს და ინვესტიციებიც დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული.
„ქვეყანას აქვს დიდი სავაჭრო დეფიციტი, დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის. ამის შევსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია დოლარის შემოდინებების ქვეყანაში. დღეს ინვესტიციები დაახლოებით 40%-ით არის დაკლებული. რომ შევხედოთ, საქართველოში ფულის ძირითადი ჩამდები არის აშშ-ი, ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა, ყველა ამ ქვეყანასთან ჩვენ რატომღაც იზოლაციონისტური პოლიტიკა გვაქვს“, - აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში.