საქართველოში საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის უმაღლესი განათლება და ქართულ ენის ცოდნა სავალდებულოა, თუმცა იგივე ვალდებულება კერძო სექტორში არ არსებობს, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ნატო ნათენაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე განმარტებით იმისთვის, რომ უცხოელი საქართველოში დასაქმდეს საჭიროა: საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი გზით იყოს შემოსული, დამსაქმებელ კომპანიაში შრომითი ხელშეკრულება ჰქონდეს გაფორმებული და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ელექტრონულ სისტემაში იყოს რეგისტრირებული.
"2023 წლიდან - დღემდე ძალაში შემოვიდა შრომითი მიგრაციის მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა. ამას გარდა, ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელის დასაქმების პროცესის საკანონმდებლო რეგულირება გაიწერა. როგორც უცხოელმა ისე კომპანიამ იცის, თუ რა პირობები და ვალდებულებები უნდა დააკმაყოფილოს. ამას გარდა, პასუხისმგებლობის ნორმები შემოვიდა, ანუ სანქციები დაწესდა, რითაც თუ რომელიმე მხარე თავის ვალდებულებას დაარღვევს შესაბამისი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.
ამ მიზნებისა და მექანიზმების აღსრულებაში კოორდინირებულად რამდენიმე სახელმწიფო უწყებაა ჩართული. მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც ელექტრონულ სისტემას მართავს. შრომის ინსპექციის სამსახური აღსრულების მონიტორინგს ახორციელებს. ასევე, არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ვიზით შემოსვლა და დასაქმება უწევთ, D1 კატეგორიის ვიზებს გასცემს. ცალკე არის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მასში შემავალი სერვისების განვითარების სააგენტო. ხოლო მეოთხე უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო გახლავთ", - აცხადებს ნატო ნათენაძე.
ნატო ნათენაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით აღნიშნული რეგულაციის აღსრულების ინსპექტირების შედეგები ასეთია - შრომის ინსპექციამ ადგილობრივი დამსაქმებლებიდან ინსპექტირება 150-მდე კომპანიაში განახორციელა, საიდანაც დარღვევა 91-ს გამოუვლინდა. აქედან, კომპანიების ნაწილმა სასჯელის სახით გაფრთხილება მიიღო, ხოლო ნაწილმა ჯარიმა.