თავის მოვლის ნატურალური საშუალებების მწარმოებელი ქართული კომპანია "პიელ ნატურალსის" პროდუქცია ქუვეითში გაიყიდება. როგორც "პიელ ნატურალსის" დამფუძნებელმა თამარ ლომაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნული მაღაზია უახლოეს მომავალში გაიხსნება. აღნიშნული ბრენდი ქუვეითში ფრანჩაიზის ფორმით შევა.
მისივე ინფორმაციით, "პიელ ნატურალსი" სხვადასხვა ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა მათი მიზანი, ამ ეტაპზე, უფრო მეტად გალფის ქვეყნებია.
"ქუვეითში ბრენდი ფრანჩაიზით გავყიდეთ და აღნიშნულ მაღაზიაში ქართული, ნატურალური, პრემიუმ ხაზის ყურძნის წიპწის და სხვა „პიელ ნატურალსის“ პროდუქცია ძალიან მალე განთავსდება. მაღაზია უკვე მზად არის გასახსნელად და გარკვეული ბიუროკრატიული პროცესი დარჩა გასავლელი. ქართული კოსმეტიკა ექსპორტზე უკვე არა მხოლოდ დისტრიბუციის კუთხით, არამედ უშუალოდ ფრენჩაიზის მოდელით გადის, რაც ვფიქრობ, რომ აღსანიშნავია.
ამის გარდა, 2024 წლის დასაწყისიდან კატარში და პაკისტანში საკმაოდ დიდი მოცულობის ექსპორტი განვახორციელეთ”, - აცხადებს თამარ ლომაძე.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, მიმდინარე წელს ბრენდი რამდენიმე ფილიალის დამატებას და უკვე არსებული სტენდების რენოვაციას გეგმავს.
თამარ ლომაძის განცხადებით, ქართველი მომხმარებლების მხრიდან, „პიელ ნატურალსის“ პროდუქციაზე მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20-25%-ით გაიზარდა.
“ბრენდმა ახალი წელი ახალი გამოწვევებით დაიწყო. 2025 წელს ახალი ხაზი - ვანილის მიმართულება დავამატეთ. აღნიშნული პროდუქტი საერთაშორისო ბრენდების ბაზარზე ძალიან ტენდენციურია და შესაბამისად, დიდი ინტერესი გამოიწვია. ასევე, უსულფატო და უსილიკონო შამპუნების და კონდიციონერების ხაზი შევქმენით, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენი ბესტსელერი გახდა. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქცია არის ნატურალური და მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს შეუძლია, ახალი, საგანმანათლებლო “ვორქშოპი” შევქმენით, რომელიც ყველა ასაკზე და ინტრესზეა მორგებული.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენ საქართველოში ერთადერთი კოსმეტიკის ბრენდი გავხდით, რომელსაც როგორც ISO სტანდარტი, ისე კოსმეტიკის GMP-ის (Good Manufacturing Practices System) საწარმო აქვს. ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან ქართული კოსმეტიკა უკვე იმ სტანდარტით ხელმძღვანელობს, რომლითაც მსოფლიოს წარმატებული ბრენდები.
რაც შეეხება გასულ წელს - 2024 წელს ჩვენი რიგით მეათე ფილიალი, ბათუმში „გრანდ მოლში“ გავხსენით, რომელიც პარიზის Lafayette-ს სხვადასხვა ბრენდის ინსპირაციით შეიქმნა“, - აცხადებს თამარ ლომაძე.
ცნობისთვის, "პიელ ნატურალსი" ბაზარზე 7 წლის წინ გამოჩნდა. ამ დროისთვის საქართველოში 10 ფილიალი აქვს, მათ შორის, 6 თბილისში, 2 ბათუმში, 1 ქუთაისში და ერთი რუსთავში. ასევე, "პიელ ნატურალსი" პაკისტანში ბრენდულ მაღაზიას ფლობს. ბრენდის თითქმის ყველა ფორმულა ქართული, ადგილობრივი ყურძნის წიპწის ზეთით იქმნება, რომელიც ჰიპოალერგიულია. პროდუქციამ კლინიკური ტესტირება მილანში გაიარა და ფრანგი და იტალიელი დერმატოლოგების მხრიდან უმაღლესი შეფასება მიიღო.