პარლამენტმა 84 ხმით, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ-ი - სივრცითი და ქალაქთმშენებლობით განვითარების სააგენტო განსაზღვრავს. მუნიციპალიტეტებისთვის დადგენილი სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტაციის მომზადების ვადა კი 2028 წლის 1 იანვრიდან 2035 წლის 31 დეკემბრამდე იზრდება.
მომხსენებლის ინფორმაციით, კოდექსს ახალი მუხლი დაემატება, რომელიც საბაზისო-თემატური გეგმების მომზადებას ითვალისწინებს. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი მთავრობის ინიციატივით მომზადდა.