logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია საფონდო ბირჟის გავლით, აქციების ბაზარს გაააქტიურებს"

სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია საფონდო ბირჟის გავლით იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქციების ბაზრის გამოსაცოცხლებლად - ამის შესახებ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქურდიანი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

მისი თქმით, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა აქციების ბაზრის წამახალისებელი სიგნალი.

„იქ, სადაც გვჭირდება მეტი ინტერესი, ეს არის აქციების მხარე და ამ მხრივ, რასაც მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, ერთ-ერთი საუკეთესო „ბუსტი“ არის ხოლმე სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია საფონდო ბირჟის გავლით. ვინაიდან ეს მუხლი ბევრჯერ იყო ჩადებული მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროს სამოქმედო გეგმაში, გვაქვს იმედი რომ მომავალში ვიხილავთ ასეთ კომპანიებსაც“ - აცხადებს ნინო ქურდიანი.

მისივე ვარაუდით, ეს არ იქნება 100%-იანი პრივატიზაცია. მოსალოდნელია, რომ საუბარი იქნება ნაწილობრივ პრივატიზაციაზე, როდესაც სახელმწიფოს ხელში კვლავ დარჩება საკონტროლო პაკეტი.

„თუმცა, ნებისმიერი წილის გამოტანა მაინც ძალიან კარგი მესიჯი იქნება მოსახლეობის მიმართ. მით უმეტეს, რომ ადგილობრივ ინვესტორებს უყვართ ხოლმე მათთვის ნაცნობ კომპანიებში ინვესტირება, კომპანიებში, რომელთა მიმართაც გარკვეული სენტიმენტებიც გააჩნიათ. ამიტომ, ასეთი ტიპის ინვესტირება საქართველოსთვის იქნება სიახლე და საინტერესო უნდა იყოს ინვესტორთა ბაზისთვის.

უნდა იყოს რაღაც ბაზა და საფუძველი კომპანიებისა, რომლებიც დაილისტებიან და ერთგვარ ფლაგმანებს შექმნიან. ამ ფლაგმანებს მოგვიანებით, გაჰყვება ბაზარი - უნდა გვყავდეს პირველი ინიციატორები, პიონერები, რომლებიც აჩვენებენ პოტენციურ ინვესტორებს, რომ ეს ბაზარიც საინტერესოა საკუთარი კაპიტალის მოზიდვის კუთხით“ - განმარტავს ნინო ქურდიანი „ბიზნესპარტნიორთან“.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ამ მიმართულებით კონკრეტულ სიგნალებს სახელმწიფოს მხრიდან, საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს: „ჯერჯერობით, ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული სიგნალები არ მინახავს, უბრალოდ, ვიცი, რომ არსებობს სახელმწიფოს დაინტერესება, რომელსაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი მოქმედებები“.

რაც შეეხება ობლიგაციების ბაზარს, მისი შეფასებით, ბაზრის მონაწილეების დიდი აქტივობის შედეგია ის, რომ ბირჟის მიმართ ინტერესი მზარდია - წლის დასაწყისში თუ დალისტული კომპანიების რაოდენობა იყო 32, დღეს მათი რაოდენობა 42-ს აღწევს. ჯამურად, დალისტული ობლიგაციების მოცულობა 2 მლრდ 200 მლნ ლარია, რაც საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად სახელდება ამ ტიპის დაფინანსების კუთხით.

გამოგვყევით