logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თაფლის მწარმოებელი კომპანია "აგრიაპი"- მიმდინარე წელს გაყიდვები 15-20%-ით გაგვეზარდა

თაფლის მწარმოებელი კომპანია "აგრიაპის"  დამფუძნებელი დავით ალექსიძე "ბიზნესპარტნიორთან" სამომავლო გეგმებსა და კომპანიის განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს. 

ბიზნესმენი განმარტავს,რომ კომპანიის სარეალიზაციო მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესებულია. საუბარია, გაყიდვების 15-20%-იან ზრდაზე. 

მისივე ინფორმაციით, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანია მიმდინარე წელს წარმადობის დაახლოებით, 20%-ით გაზრდას გეგმავს.

"როგორც წინა წლებში ახლაც გაყიდვების მაჩვენებელი სასტუმროებში შემცირდა, თუმცა რითეილ სექტორში მზარდია. ჩვენ რამდენიმე სასტუმრო დავიმატეთ და ამ მიმართულებით გავიზარდეთ, თუმცა რაც იყო სასტუმროების მხრიდან მოთხოვნა, შემცირებულია. ადრე უფრო მეტი ტურისტი ჩამოდიოდა ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა მოთხოვნის შემცირება. 

ახლა, დაახლოებით, 7 დასახელების პროდუქტი გვაქვს.ვგეგმავთ თაფლის არყის წარმოებასაც, თუმცა ჯერჯერობით ეს იდეა ვერ განვახორციელეთ. აღნიშნული მიმართულებით სწორი პარტნიორია საჭირო, რომელსაც ალკოჰოლის წარმოების კუთხით დიდი გამოცდილება ექნება. 

ვერ ვიტყვი, რომ იმპორტირებული თაფლი კონკურენტუნარიანია, რადგან ქართულ თაფლს ძალიან კარგი ხარისხი აქვს. მოლოდინი გვაქვს, რომ წელს, დაახლოებით, 50 ტონამდე თაფლი გვექნება. წარმადობის გაზრდა მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა", - აცხადებს დავით ალექსიძე.

რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს. ამჟამად თაფლი მხოლოდ  არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება.

"ჩვენი წარმოების 80% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ამ ეტაპზე მაქსიმალურად საქართველოს ბაზარზე ვართ ორიენტირებულები. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადიოდეს, თუმცა ადგილობრივი ბაზრის დაკარგვა არ გვინდა. შესაბამისად, ორივე მიმართულებით ვცდილობთ განვვითარდეთ", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, „აგრიაპის“ თაფლის პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2018 წლიდანაა წარმოდგენილი. დღეისთვის  კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია უმრავლესობა საცალო ვაჭრობის ქსელებში.

გამოგვყევით