logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოში ახალგაზრდების კონტრიბუცია შრომის ბაზარზე შემცირდა - PMC კვლევითი ცენტრი

შრომის ბაზრის ძირითად მაჩვენებლებში ახალგაზრდების ჩართულობამ დაიკლო. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2020-2023 წლებში  საქართველოში სამუშაო ძალაში,  ახალგაზრდების მონაწილეობის დონის შემცირება განპირობებულია ემიგრაციით.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა  განუცხადა, საანგარიშო პერიოდში, ბევრმა ახალგაზრდამ დატოვა ქვეყანა, რომელთა უმეტესობაც უმუშევარი იყო და ცდილობდა დასაქმებას. საუბარია 15-დან 24 წლის ჩათვლით ასაკის ადამიანებზე.

ემიგრაციის გარდა, ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის ზრდას, PMC კვლევით ცენტრში იმასაც უკავშირებენ, რომ ბევრმა ახალგაზრდამ სამუშაო ძალაში ჩაბმას, განათლების გაგრძელება არჩია.

ქართული შრომის ბაზარი, ახალგაზრდებს ვერ სთავაზობს ისეთ პირობებს, რომ მათ შეძლონ სწავლის და მუშაობის შეთავსება. მაგალითად, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, კერძოდ, 2023 წელს დასაქმებული ახალგაზრდების მხოლოდ 9% მუშაობდა ნახევარ განაკვეთზე, რაც გაცილებით დაბალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე. ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების სიმცირე ბევრ ახალგაზრდას აიძულებს, არჩევანი გააკეთოს განათლებასა და დასაქმებას შორის“, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

მისივე ინფორმაციით, 2023 წელს ახალგაზრდების მხოლოდ 7% ახერხებდა ერთდროულად სწავლას და მუშაობას. გარდა ამისა, მათგან, ვინც სწავლობდა, მხოლოდ 10%-ს ჰქონდა სამსახური, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ახალგაზრდებს უჭირთ განათლების მიღების პარალელურად მუშაობა.

რაც შეეხება ანაზღაურებების ნაწილს, PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში წერია, რომ 2020-2023 წლებში საქართველოში ახალგაზრდები საშუალოდ 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებდნენ მთლიან საშუალო ხელფასთან შედარებით. თუმცა, ახალგაზრდების საშუალო ხელფასი მათი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება და მჭიდროდაა დაკავშირებული უმაღლესი განათლების საფეხურებისა და გამოცდილების ზრდასთან.

ცნობისთვის, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა. კერძოდ, 2024 წლის მეორე კვარტალში საშუალო ანაზღაურებამ, თითქმის, 2005 ლარი შეადგინა, რაც 11 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საქსტატის ცნობითვე, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ასევე - პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

გამოგვყევით