logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"British airways-ის შემოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯია - ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება პირდაპირი ფრენები აშშ-სთან"

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, British airways-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლის ლოგიკური გაგრძელება, პირდაპირი ფრენების ამერიკის შეერთებულ შტატებთან დამატება იქნება.

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, British airways-თან თანამშრომლობის შედეგად, American airways-ის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია თბილისის აეროპორტის მოძებნა. 

"სულ რამდენიმე ამბიციური განაცხადი დაგვრჩა. ერთ-ერთი არის ამერიკის შეერთებული შტატები. აქტიურად ვცდილობთ და ყველა შემთხვევას ვიყენებთ, რომ შევხვდეთ ამერიკულ გადამზიდველებს და დავაინტერესოთ. British airways-ის შემოსვლაც ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება, საშუალოვადიან პერიოდში, იქნება პირდაპირი ფრენები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება აქტიური მუშაობა. მთავარია ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა ქვეყნებს შორის. როგორც კი მგზავრთნაკადი კონკრეტულ სამიზნე რაოდენობას მიაღწევს, უკვე რეალური გახდება, რომ ამერიკული გადამზიდველები დაინტერესდნენ", - აცხადებს ქარქაშაძე.

რაც შეეხება EasyJet-ის საქართველოში შემოსვლას - ირაკლი ქარქაშაძის ვარაუდობს, რომ აღნიშნული კომპანიის, ისევე, როგორც British airways-ის ფრენები საქართველოს საავიაციო ბაზარზე წარმატებული იქნება. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენები როგორც ლონდონის ისე, მილანის მიმართულებით, ავიაკომპანია მაინც ხედავს რესურსს, რომ დამატებით შემოვიდეს უკვე განვითარებულ ბაზარზე. თავისუფალი ბაზარი გვაძლევს თავისუფალ კონკურენტულ გარემოს, რაც აისახება ფასებზე, სერვისზე და იმ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რომელიც მოგზაურობის დროს არის საჭირო. გარდა ამისა, მიუთითებს რამდენად განვითარებულია ბაზარი. ავიაკომპანიას, რომ დაენახა, რომ ბაზარზე მიწოდება უფრო მეტია ვიდრე მოთხოვნა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, არ შემოვიდოდა. აქედან, გამომდინარე მათ დაინახეს რომ ბევრად მეტია მოთხოვნა, ვიდრე მიწოდება  და კონკურენტული გარემოს პრინციპიდან გამომდინარე ისინი დაინტერესდნენ", - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ქარქაშაძე აცხადებს, რომ ძალიან მალე კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოვა ქართულ ბაზარზე, თუმცა ეს ისეთივე ხმამაღალი განაცხადი არ იქნება როგორიც British airways-ის და EasyJet-ის იყო.

გამოგვყევით