logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GEPHERRINI-ის პროდუქცია იტალიის ბაზარზეც გაიყიდება

GEPHERRINI-ის პროდუქცია, მიმდინარე წლის ბოლომდე, იტალიის ბაზარზეც გაიყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, იტალიაში მათი პროდუქცია პირველ ეტაპზე ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაიყიდება.

მისივე ინფორმაციით, GEPHERRINI იაპონიის ბაზრითაც  არის დაინტერესებული და აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობს. გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ GEPHERRINI დეკემბრიდან კანადის ბაზარზეც გამოჩნდება.

"ქართული ბაზარი კლებადია და ძირითადად, ექსპორტზე ვართ გადართულები. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი წარმოების, დაახლოებით, 10-15% იყიდება. შემიძლია ვთქვა, რომ ექსპორტი მზარდი გვაქვს და ამ წლის ბოლოს  გაორმაგებას ველოდებით. ჩვენ ჩინეთთან გვქონდა კონტრაქტი და ამ ხელშეკრულების ამოქმედება დაიწყო. ჩინეთში გვაქვს ორი ფიზიკური მაღაზია და ასევე, პროდუქცია იყიდება ონლაინ პლატფორმაზეც. წლის ბოლომდე ვგეგმავთ, რომ იტალიაში დავიწყოთ გაყიდვები და ეს იქნება ერთ-ერთი სიახლე. გარდა ამისა, იაპონიის მიმართულებით ვიწყებთ მოლაპარაკებებს. სავარაუდოდ, შემდეგ წელს უკვე დავიწყებთ გაყიდვებს. ამასთან, კანადის ბაზარზე ონლაინ პლატფორმა უკვე მზად არის. პირველ ეტაპზე იქნება ონლაინ მაღაზია , შემდეგ კი  ფიზიკური სავაჭრო ობიექტის გახსნასაც განვიხილავთ", - აცხადებს ილია გეფერიძე.

გარდა ექსპორტისა, კომპანია თბილისში 2 მაღაზიის დამატებას გეგმავს. ილია გეფერიძის თქმით, პირველი ბრენდული მაღაზია დაახლოებით, 1 თვეში გაიხსნება, ხოლო მეორე -  წლის ბოლომდე. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის (ორივე მაღაზიის გახსნის)  საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 100 000 დოლარი იქნება.

ცნობისთვის, GEPHERRINI ქართული ბრენდია, რომელიც ჩანთებს, საფულეებს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებს. კომპანია ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის. მიმდინარე წელს ბრენდი კანადის და იტალიის ბაზარზეც გაიყიდება.

გამოგვყევით