logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

2019 წლიდან, PPP სააგენტომ 100 განაცხადიდან 14 პროექტი დაამტკიცა

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს (PPP) არსებობიდან დღემდე განხილულია 100-ზე მეტი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემოთავაზება, კონტრაქტის ეტაპზე და მშენებლობის პროცესში კი, გადავიდა 14 პროექტი - ამის შესახებ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბატიაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, სააგენტოს პროექტები ძირითადად, ენერგეტიკის სექტორში აქვს. მათ შორისაა ქარის, მზისა და ჰიდროპროექტები. რაც შეეხება მსხვილ პროექტებს, სააგენტოს მოდალობით ხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. სააგენტოს ჩართულობით, დაგეგმილია, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებაც.

„იგეგმება ე.წ. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია საჯარო-კერძო პარტნიორობის მეშვეობით, თუმცა, შეიძლება შეიცვალოს. ეს კვლევებზეა დამოკიდებული, რადგან პროექტის განხორციელების მოდალობა მნიშვნელოვანი არ არის იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანია თითოეული დახარჯული ლარი მაქსიმალურად მორგებული იყოს საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, შესაბამისად, ანალიზის გაკეთების შემდეგ შეიძლება, მოდალობა შეიცვალოს.

ამასთან, მოგეხსენებათ, რომ გამოცხადებულია პოტენციურად, აეროპორტის მშენებლობა ქვეყანაში. ერთ-ერთი მოდალობა, რომლითაც განიხილება აეროპორტის მშენებლობა სწორედ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატია, თუმცა, ეს საწყისი ეტაპია და ეს პროექტები იმის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, თუ რა იქნება უფრო ეფექტური მომდევნო კვლევების შედეგად“ - ამბობს ლევან ბატიაშვილი.

მისივე თქმით, სააგენტოს ინიციატივით, იგეგმება სხვადასხვა სექტორებში - როგორიცაა საცხოვრისი, ელექტრონული მმართველობა და სხვა - პროექტების განვითარება. დამატებით, სააგენტო შვეიცარიის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტების განვითარების პროცესის გაციფრულების გეგმას ახორციელებს.

გამოგვყევით