logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"თევზის წარმოება გახუთმაგდება"- აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა

3 წლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, საქართველოს უკვე აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია აქვს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ FAO Georgia-ს პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა ჯუბა მარუაშვილმა  განუცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტზე, ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მუშაობდა. პროცესებში ჩართული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და კერძო სექტორიც.

როგორც მარუაშვილი განმარტავს, ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას და ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, სწორად განსაზღვროს დარგის განვითარების ფართო და გრძელვადიანი პერსპექტივები, ასევე სრულად შეძლოს აკვაკულტურის დარგის ტრანსფორმაცია.

„ფერმერთა გადამზადება, ხარისხობრივად უკეთესი პროდუქტის წარმოება, მარკეტინგულად ბაზრების დივერსიფიცირება, იმპორტის ნაწილობრივ შემცირება - ეს იმ მიზნების არასრული ჩამონათვალია, რომლის მისაღწევადაც სტრატეგია შემუშავდა. დოკუმენტში გაწერილია, რომ მომდევნო 5 წელში, საქართველოს შიდა წყლებში, თევზის წარმოება უნდა გახუთმაგდეს და 15 ათას ტონას მიაღწიოს. საქართველოს აკვაკულტურის სექტორს ნამდვილად აქვს მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და რეალიზების პოტენციალი და ახლა, სწორედ ამ პოტენციალის ათვისება მიმდინარეობს. ეროვნულ სტრატეგიაში მითითებულია ისიც, რომ ქვეყანამ აქ წარმოებული თევზის ხარისხი ისე უნდა გააუმჯობესოს, რომ პროდუქტი ექსპორტზე ევროკავშირის ბაზრებზე გაიტანოს“, - აღნიშნა ჯუბა მარუაშვილმა.

რაც შეეხება თევზის წარმოებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს," საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანამ 2 470 ტონა თევზი აწარმოა. დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტი აკვაკულტურის მეურნეობა კახეთის რეგიონში მდებარეობს, მეორე ადგილზე კი სამეგრელო-ზემო სვანეთია. რაც შეეხება მეურნეობების სახეობებს, ასევე საქსტატის მიხედვით, 2023 წელს აკვაკულტურის მეურნეობების 90% ოჯახური მეურნეობაა და მხოლოდ 10% წარმოადგენს საწარმოებს. ჯამში, აკვაკულტურის მეურნეობებს ქვეყნის მასშტაბით 7 ჰექტარი უჭირავს.

დარგის ექსპერტებს აქვთ მოლოდინი, რომ წელს ეს მონაცემები გაუმჯობესდება. მეტიც - ამბობენ, რომ ქვეყანამ 2024 წელი თევზის წარმოების მზარდი მაჩვენებლებით დაიწყო, ბევრი ახალი საწარმოც გაიხსნა. თუმცა, სექტორში ამ დრომდე რჩება გარკვეული დაბრკოლებები, რაც საქართველოში აკვაკულტურის განვითარებას აფერხებს. ჯუბა მარუაშვილის თქმით, ესენია - ფერმერთა ცნობიერების ამაღლება, დაავადებების კონტროლი, წყლის ხარისხი, ასევე ინფრასტრუქტურის და ლაბორატორიული სიმძლავრეების გაუმჯობესება. გამოწვევას წარმოადგენს წარმოებული თევზის ხარისხიც. სწორედ ამ და სხვა პრობლემების გადასაჭრელად შემუშავდა აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია. ამასთან, გასული წლის მარტის თვიდან, ქვეყანაში უკვე მოქმედებს კანონი აკვაკულტურის შესახებაც.

გამოგვყევით