logo
Loading data...

"საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების გაერთიანება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციაც იყო" - ეკონომიკის სამინისტრო

"საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების გაერთიანება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციაც იყო" - ეკონომიკის სამინისტრო

1715168350

საპენსიო სააგენტოში მთავრობა ცვლილებებს გეგმავს. კანონპროექტი,  რომელიც საპენსიო სააგენტოს მართვის სისტემის რეფორმას და საინვესტიციო საბჭოს გაუქმებას ითვალისწინებს უკვე მზად არის და მისი ავტორი ეკონომიკის სამინისტროა.

კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო უქმდება. მას ჩაანაცვლებს 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო. აღნიშნული საბჭო, რომელიც პარლამენტის მიერ მტკიცდება, ამჟამად 4 წევრისგან შედგება. დღესდღეობით სწორედ ეს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით.  კანონპროექტის მიხედვით კი ფონდის მენეჯმენტსა  და  აქტივების ინვესტირების პროცესზე ახალი საბჭო იქნება პასუხისმგებელი.  დღეს საპენსიო სააგენტოში დამოუკიდებლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად, ერთი მმართველობითი ორგანო - მმართველობითი საბჭო შეიქმნება.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგეგმილ ძირეულ ცვლილებებზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავეს. როგორც  ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, კანონპროექტზე მუშაობა წელიწადნახევარზე მეტია რაც მიმდინარეობს,  ის ეხება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებას.

„ამ რეფორმაზე მუშაობისას თავიდანვე ჩართულები იყვნენ საერთაშორისო პარტნიორები. მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ნაწილობრივ სავალუტო ფონდიც. შარშან საკმაოდ ვრცელი კონსულტაციები გვქონდა. საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების გაერთიანება მათი რეკომენდაციაც იყო. ის ცვლილებები რომელიც ახალ კანონპროექტში  წარმოდგენილი გვაქვს,  მათთან გვაქვს შეთანხმებული.არაერთხელ გაგვიჟღერებია, მათ შორის  საპარლამენტო განხილვების დროს, რომ იგეგმებოდა საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის ცვლილება. “-აღნიშნა გიორგი გურგენიძემ.

მისივე განმარტებით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სააგენტოს მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილების ფონზე დაგროვებული გამოწვევების პასუხია.

„საპენსიო სააგენტოს შექმნიდან უკვე ხუთი წელი გავიდა. სწორედ, პრაქტიკიდან გამომდინარე გამოკვეთილი გამოწვევების პასუხია ეს კანონპროექტი. საპენსიო ფონდი საკმაოდ გაიზარდა და საკმაოდ დიდი თანხაა მასში აკუმულირებული. ამასთან, ბაზარზე  ინსტრუმენტების რაოდენობა და ნაირსახეობაც იზრდება და შესაბამისად უფრო მოქნილი და ეფექტური რომ იყოს კონტროლის ზედამხედველობის მექანიზმები, მმართველობის სტრუქტურაც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. დღეს როგორიც იცით არსებობს ორი საბჭო, სამეთვალყურეო და საინვესტიციო. სამეთვალყურეო საბჭო ამჟამად  დაკომპლექტებულია  სამი მინისტრით, სამივე სრულად ეთიშება სამეთვალყურეო საქმიანობას. ერთიანდება საბჭოები  და კომპლექტდება მხოლოდ პროფესიონალებით. შესაბამისად, საპენსიო ფონდის  მართვაში ჩართულობისაგან მთავრობა გამოდის. ცვლილებების მიზანი არის, რომ უფრო მოქნილი გავხადოთ საპენსიო სააგენტო.“-აღნიშნა გიორგი გურგენიძემ.

მისივე თქმით, საინვესტიციო საბჭოს არსებული წევრები, შესაძლოა, საპენსიო ფონდის საბჭოს წევრები გახდნენ, თუკი მათ ამის  სურვილი ექნებათ. მთლიანობაში კი საბჭო დაკომპლექტებული იქნება ადგილობრივი თუ უცხოელი სპეციალისტებით.

ქრისტინე გამთენაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით