logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველო-იაპონიას შორის კარგი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ იაპონიიდან ინვესტიციები უფრო გააქტიურდეს" - თეიმურაზ ლეჟავა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავას განცხადებით, ქვეყნებს შორის უკვე ძალიან კარგი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ იაპონიიდან ინვესტიციები კიდევ უფრო გააქტიურდეს.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში აღნიშნა, 2021 წლიდან ინვესტიციების მოცულობა იაპონიიდან საქართველოში იზრდება.

„იაპონიაში იაპონია-საქართველოს სავაჭრო პალატა დაფუძნდა, რომელიც უკვე 20-მდე კომპანიას აერთიანებს. ეს ინიციატივა იაპონიის ყოფილ ელჩს, ბატონ ტადაჰარუ უეჰარას ეკუთვნის და უკვე იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს ავტორიზაციაც აქვს. ასეთი პლატფორმები ხელს უწყობს ურთიერთობების გამყარებას, ინფორმაციის გაცვლას და ბიზნესკონტაქტების გაღრმავებას.

2020-2021 წელს იაპონია საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით 21-ე ადგილს იკავებდა, ხოლო ახლა 10-ეულში შედის. კერძოდ, იაპონია საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით 2021 წელს 27-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2024 წელს მე-8-ე ადგილზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, მონაცემების თანახმად, საქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2021 წელს 205 691.14 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წელს 564 401.31 აშშ დოლარი. იაპონია სტაბილურად ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს და ინვესტიციების კუთხით ძალიან გააქტიურებულები არიან“, - აცხადებს თეიმურაზ ლეჟავა.

ელჩმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, რომელიც სტარტაპების მიმართულებას ეხება - თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებითაც  იაპონიის მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა.

16 ივნისს საქართველოში სტარტაპების დელეგაცია ჩამოდის, რომელსაც იაპონია-საქართველოს სავაჭრო პალატა აორგანიზებს და 34 ადამიანი 24 სხვადასხვა სტრუქტურიდან უკვე დარეგისტრირებულია ამ მისიაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ვიზიტია“, - აცხადებს ელჩი.

"ბიზნესპარტნიორი" საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავასთან ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ,  სადაც კიდევ უფრო სიღრმისეულად შევეხებით იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მიღწევებსა და პერსპექტივებს.

გამოგვყევით