„ჩვენი მიზანია, რომ განვავითაროთ ეკონომიკის ის სექტორები, რომლებიც მაღალპროდუქტიულობით ხასიათდება,“ - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები გამოწვევაა, რაზე საპასუხოდაც საქართველოს მოქალაქეებში შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება აუცილებელია. შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება განათლების რეფორმა, რათა განათლების სექტორმა შეძლოს ეკონომიკას მიაწოდოს მაღალშემოსავლიანი კადრები.
„განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სწორედ ხელოვნური ინტელექტის ელემენტების გამოყენების მიმართულებით, IT მიმართულებით. ასევე ტექნიკური განათლების მიმართულებითაც, რომელიც მაღალანაზღაურებადია. ჩვენი მიზანია, რომ განვავითაროთ ეკონომიკის ის სექტორები, რომლებიც მაღალპროდუქტიულობით ხასიათდება. მნიშვნელოვანია, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ცოდნის და გადამზადების ცენტრები გავაკეთოთ, რადგან ამასაც მაღალანაზღაურებადი ხელფასი მოჰყვება.
თარგეტირებულად მივყვებით იმ სექტორებს, რომლებიც ქმნის მაღალპროდუქტიულობას, რაც თავის მხრივ ნიშნავს მაღალ ხელფასებს და მაღალ შემოსავლებს. მიმაჩნია, რომ უაღრესად მდიდარი ვართ ადამიანური კაპიტალით, უაღრესად ნიჭიერი ხალხი ვართ და სწორი უნარ-ჩვევებითა და ცოდნით ჩვენ შევძლებთ ისეთი ეკონომიკური სექტორების განვითარებას, რომლებიც მაღალანაზღაურებადია. ეს უნდა გამოვიყენოთ და ამაზე კაპიტალიზაცია უნდა მოვახდინოთ. ეკონომიკამ და განათლების სექტორმა უნდა იმუშაოს ერთად, რათა კადრების ქვეყნიდან არ გავიდნენ და მათი შესაძლებლობები აქ გამოვიყენოთ,“-განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.