“ჩინეთის საერთაშორისო გამოფენას უკვე აქვს მნიშვნელოვანი, პირველადი შედეგები,“- ამის შესახებ “აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ქართულმა პროდუქციამ უკვე მოიპოვა ნდობა, რაც სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ განაპირობა.
"იმ 40 კომპანიისთვის, რომლებიც იყვნენ გამოფენაზე, ეს ძალიან წარმატებული გამოფენა გამოდგა. უკვე გვაქვს, როგორც გაფორმებული, ასევე საწყის ეტაპზე მყოფი შეთანხმებები. 15-17-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს კომპანიას თითოეულ ჩვენს გახარჯულ ლარზე, რაც არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, როდესაც ვარჩევთ ახალ გამოფენას. მსგავსი შედეგიანობით შეგვიძლია შევაფასოთ ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაც.
ამასთან, მას ჰქონდა მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტიც - ეს იყო ეროვნული პავილიონი, სადაც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი ფოლკლორული ელემენტები, კულტურა და ისტორიული ნიმუშები, რომელმაც ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. იდგა რიგები, რომ გასცნობოდნენ ჩვენს კულტურას,“ - განაცხადა თორნიკე ზირაქიშვილმა.
რაც შეეხება გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად არსებულ კრიტერიუმებს, - “აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის განცხადებით, ნებისმიერ მეწარმეს აქვს შესაძლებლობა მათ საიტზე შექმნას საკუთარი პროფილი, რაც სააგენტოს საშუალებას აძლევს გამოფენებზე მსხვილი და მცირე კომპანიები თანაბრად წარმოადგინონ.
“პირველად მონაწილე კომპანიებს ენიჭებათ პრიორიტეტი, რადგან პირველად მონაწილეობენ. ასევე გაგვაჩნია გარკვეული უპირატესობები შედარებით საშუალო კომპანიებისთვის, რათა შევძლოთ, რომ მათი ინტერესებიც იყოს დაცული. შევეცადეთ, რომ ბალანსი დაგვეჭირა მსხვილ და მცირე კომპანიებს შორის. ასევე, ხდება ამ კრიტერიუმების პერიოდული გადახედვა, რათა ბალანსი ყოველთვის იყო დაცული და გამოფენებზე დიდი და მცირე კომპანიები თანაბრად იყვნენ წარმოდგენილი,“ - აღნიშნა “აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ.
ცნობისთვის, საუბარია შანხაიში გამართულ საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაზე - China International Import Expo (CIIE)- ზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩინეთშ გაიმართა და სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა 40-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო.