შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი სააგენტოსთვის ტრანსფორმაციული იქნება. ვიწყებთ ახალ თავს, რომელსაც ქვეყანაში კაპიტალის ბაზრების განვითარება ჰქვია. ეს ყველა ქვეყანამ გაიარა და აუცილებლად უნდა გავიაროთ ჩვენც, - ამის შესახებ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თუ კომპანია ფასიანი ქაღალდების გამოშვებისთვის მზად არის, სააგენტო მათ საკონსულტაციო მომსახურებით ეხმარება.
"ეკონომიკურად საინტერესო და კარგი წელია. ფინანსდება ბევრი სასტუმრო და საწარმო. გარდა ამისა, დავიწყეთ ალტერნატიული პროგრამების დანერგვა და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენ კომპანიებს ვეხმარებით არამარტო ბანკთან სასესხო პროდუქტებში, არამედ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით, ასეევე ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში.
ამჟამად 6 მსხვილი ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროცესში ვართ ჩართულები. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ფინანსურად ჯანსაღდება, ხდება დაფინანსებების ალტერნატიული დივერსიფიცირება. გარდა ამისა, წელს დაგეგმილია ფონდის შექმნა, სადაც სააგენტოს ექნება ლიმიტირებული როლი. ფონდების განვითარება ეკონომიკისთვის აუცილებელია.
ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ტექნიკური პროგრამა. გვესმის, რომ როდესაც ახალი პროდუქტი შემოგვაქვს კომპანიებს დატრენინგება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ გვაქვს ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა, სადაც კომპანიებს ვამზადებთ იმაში თუ რატომ სჭირდებათ ფასიანი ქაღალდების გამოშვება და არიან თუ არა ისინი მზად ამისთვის.
თუ მზად არიან, ვეხმარებით საბროკერო კომპანიებთან საკონსულტაციო მომსახურებით, რომ ეს ყველაფერი მოხდეს გააზრებულად და სწრაფად. ვერ ვიტყოდი, რომ კომპანიები ვერ მოგვყვებიან. რა თქმა უნდა, ეს არის კომპანიების ბიზნეს დონიდან გამომდინარე და სწორედ ამიტომ ყველა ფენისთვის სხვადასხვა მიმართულება გვაქვს", - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.