სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანია განაცხადა, რომ არც ბუნებრივი გაზის, არც ელექტროენერგიისა და არც წყალმომარაგების სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა. მისი თქმით, სემეკი ტარიფების დადგენის სრულიად ახალ მიდგომაზე გადავიდა, რომლის მიხედვითაც კომისია არა ყოველწლიურად ადგენს ტარიფებს, არამედ ამუშავებს საშუალოვადიან და გრძელვადიან სატარიფო პოლიტიკას.
„მინდა მომხმარებელი დავამშვიდო, რადგან არც ელექტროენერგიის, არც ბუნებრივი გაზისა და არც წყალმომარაგების ნაწილში ჩვენი ტარიფების გადახედვა-გაზრდა არ გვიწევს. ჩვენ გადავედით ტარიფების დადგენის საშუალო და გრძელვადიან მიდგომაზე, რომლის მიხედვითაც სემეკი ყოველწლიურად არ ადგენს ტარიფებს. შესაბამისად გასულ წელს გადავხედეთ ელექტროენერგიის ტარიფს და შევამცირეთ 3 თეთრით როგორც მოსახლეობისთვის ისე კომერციული სექტორისთვის. შესაბამისად, ამ 3 თეთრით შემცირებულ ტარიფს ჩვენ მინიმუმ მომავალი წლის ბოლომდე შევინარჩუნებთ. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, აქ ორი წლის წინ დავადგინეთ ტარიფი, რომელიც 5 წლის განმავლობაში შენარჩუნდება. შესაბამისად, ამ ნაწილშიც მომდევნო 3 წელი ტარიფების ცვლილება მოსალოდნელი არაა. წყალმომარაგების სექტორში კი გასულ წელს 3 წლიანი ტარიფი დავადგინეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ორი წელი ტარიფი უცვლელად შენარჩუნდება“. - აცხადებს დავით ნარმანია.
სემეკის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ არსებულ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფები სწორედ საქართველოშია, რასაც, თავის მხრივ, იწვევს სემეკის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ხარჯების მაქსიმალურ შემცირებაზე.
„ჩვენ გვაქვს ისეთი სატარიფო პოლიტიკა, რომლის პირობებშიც მაქსიმალურად ვწურავთ კომუნალური კომპანიების ტარიფებს, როცა მათ ვადგენთ. მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ჩვენზე დაბალი ტარიფი, ეს ბუნებრივია, რადგან მათ აქვს უფრო მეტი ბუნებრივი რესურსი. სხვა ნაწილში ჩვენ გვაქვს ტარიფების დადგენის კუთხით ისეთი პოლიტიკა, როდესაც ხარჯებს მაქსიმალურად ვწურავთ და ვითვალისწინებთ მინიმალურად აუცილებელ ინვესტიციებს ქსელის განვითარებისთვის. სწორედ ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ტარიფები გვქონდეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი“.- აღნიშნა დავით ნარმანიამ.