logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ელექტროენერგიის მიწოდებამ 3.8 ტვტ.სთ შეადგინა" - Galt & Taggart

საქართველოში, 2025 წლის პირველ კვარტალში, ელექტროენერგიის მიწოდებამ 3.8 ტვტ.სთ, ხოლო ადგილობრივმა გენერაციამ 2.8 ტვტ.სთ შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი წყაროებიდან დაიკლო, როგორც ჰესების, ისე თბოსადგურების გამომუშავებამ. 

"თბოსადგურსა და იმპორტს შორის არჩევანი ფასის მიხედვით გაკეთდა. 2025 წლის პირველ კვარტალში სატესტო რეჟიმით ამოქმედდა 54.1 მგვტ-იანი მტკვარი ჰესი და 14.2 მგვტ-იანი ჭიორაჰესი.

2025 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 1.3%-ით გაიზარდა და 3.7 ტვტ.სთ შეადგინა. ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ადგილობრივი მოსახლობის მოხმარებაში დაფიქსირდა (+8.5% წ/წ).

პირველ კვარტალში საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი წლიურად 1.5%-ით გაიზარდა და 5.9 აშშ ცენტი შეადგინა. CFD-ს მიღების მსურველების აქტიურობა მაღალია. პირდაპირი მოლაპარაკების გზით CFD კონტრაქტის მიღების მსურველებისგან ეკონომიკის სამინისტროში 435 განაცხადი შევიდა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 11.2 გვტ-ია, აქედან 0.75 მგვტ ჰიდრო, 4.2 გვტ ქარის და 6.2 გვტ მზის სადგურებია. განაცხადების განხილვის შედეგები რამდენიმე თვეში გამოვლინდება. ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში ნეტო აღრიცხვისთვის განსაზღვრული ლიმიტი შეივსო და ახალი განაცხადის მიღება შეჩერებულია, ხოლო თელასის ქსელში განაცხადების მიღება გრძელდება და დარჩენილია 50- 60 მგვტ. რეგულირებული ტარიფები გაიზარდა ენგურის, ვარდნილის და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის 2025 წლის იანვრიდან და კვტ.სთ-ზე შესაბამისად 4.021 (+66.7% წ/წ), 5.111 (+66.7% წ/წ) და 3.298 (+17.2% წ/წ) თეთრი შეადგინა”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ელექტროენერგიის გენერაციას - 2025 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია 15.6%-ით შემცირდა და 2.8 ტვტ.სთ შეადგინა.

„ჰიდრო გენერაცია წლიურად 14.8%-ით შემცირდა 1.8 ტვტ.სთ-მდე და ჯამური გენერაციის 65.0% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ჰიდროგენერაციის კლება დაკავშირებულია წინა წლის მაღალ ბაზასთან, რომელიც თავის მხრივ ჰიდროლოგიურ პირობებთან იყო დაკავშირებული.

ჰიდროგენერაციის ჯამური კლების მიუხედავად, დერეგულირებული ჰესების კატეგორიის გენერაცია წლიურად 4.5%-ით გაიზარდა, რაც ახალი სადგურების დამსახურებაა. თბოსადგურების გენერაცია წლიურად 17.1%-ით შემცირდა, ხოლო სანაცვლოდ გაორმაგდა (+122.2% წ/წ) ელექტროენერგიის იმპორტი. თბოსადგურსა და იმპორტს შორის არჩევანი ფასით გაკეთდა. 2025 წლის პირველ კვარტალში თბილსრესის და მტკვარი ენერჯის თბოსადგურების გენერაციის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 6.3-6.7 აშშ ცენტს შორის მერყეობდა, ხოლო აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე შესაბამისად 5.9 და 6.6 ცენტს შეადგენდა. თბოსადგურების ფასები 2024 წლის იანვრიდან გაიზარდა გაზის შესასყიდი ფასის ზრდის გამო (მ3 -ის ფასი 143-დან 210 დოლარამდე ავიდა)”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გამოგვყევით