logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნებულია" - გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით,  ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნებულია, რაც ჯამში - 9.3 %-ია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში განიხილა.

"მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო საშუალო ინფლაცია 1.7 პროცენტის დონეზეა და კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 618.6 მლნ აშშ დოლარია, აქედან ექსპორტია 1 401.2 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 4 217.4 მლნ აშშ დოლარი. დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 1 172.3 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 1.3 პროცენტით მეტია.

მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 959.0 ათას შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 2.2 პროცენტით მეტია.

ჯამში კი, 2025 წლის პირველ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 826.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ 2025 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი იყო 6 406 300.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი მობილიზებულ იქნა 6 541 162.8 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%-ია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაკაურიძის ცნობით, გადასახადების მიმართულებით მობილიზებულია 6 077 323.3 ათასი ლარი - საპროგნოზო მაჩვენებლის 102.0%, ზედმეტად გადახდილი გადასახადების (დღგ) დაბრუნების მაჩვენებელმა 622 959.2 ათასი ლარი შეადგინა, გრანტების სახით მობილიზებულ იქნა 61 051.5 ათასი ლარი - საპროგნოზო მაჩვენებლის 111.0%, ხოლო სხვა შემოსავლებში მობილიზებულ იქნა 402 788.0 ათასი ლარი - საპროგნოზო მაჩვენებლის 102.7%.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 102.1%- ით არის შესრულებული, მათ შორის: გადასახადები - 5,428,476.5 ლარი, გრანტები - 59,447.9 ლარი, ხოლო სხვა შემოსავლები - 212,467.9 ლარი.

"რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, საანგარიშო პერიოდში საკასო შესრულება დაგეგმილი მაჩვენებლის 94.3%-ია, ხოლო წლიური გეგმის დაახლოებით 23%-ია, რაც მომხსენებლის თქმით, პირველი კვარტლისთვის საკმაოდ მაღალი შესრულების მაჩვენებელია,"- აცხადებს გიორგი კაკაურიძე. 

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 190 მილიონ ლარზე მეტი აითვისა, რაც 23.3%-ია წლიურ გეგმასთან, ხოლო 93.3% -ია კვარტალური გეგმასთან მიმართებაში.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სურსათის უვნებლობის კუთხით ათვისება შეადგენს 100.8%-ს, მევენახეობა - მეღვინეობის განვითარების კუთხით - დაახლოებით 98%-ს, კვლევითი საქმიანობის კუთხით - 100% -ს, ერთიანი აგრო-პროექტის ნაწილში -92%-ს, ხოლო მელიორაციის ნაწილში - 87%-ს.

საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობებზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ყველა საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობა გრძელდება.

მისივე თქმით, წელსაც რამდენიმე ახალი პროექტის დაფინანსება უკვე მოხდა და წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია ახალი ხელშეკრულებების გაფორმება.

"რაც შეეხება უშუალოდ სოფლის მეურნეობას, აქ ორი ძირითადი მიმართულებაა. ერთი მერძევეობის დარგის მხარდაჭერაა, სადაც თითქმის მთლიანად განაწილებულია დონორის რესურსი და ახლა უკვე თვითონ შემსრულებელზეა დამოკიდებული როდის აითვისებენ ამ თანხას. ასევე, მოლაპარაკება მიდის თანხის დამატებით გამოყოფაზე, რაზეც წლის მეორე ნახევარში შევთანხმდებით. მეორე მიმართულება არის მელიორაცია, სადაც დაფინანსების მოცულობა განსაზღვრულია. ჯამში, დაახლოებით, 250 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტებზეა საუბარი, რაზეც გასულ წელს შევთანხმდით, საიდანაც ნახევარი არის სესხი და ამ სესხების ათვისების შესაძლებლობა უკვე გვაქვს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

გამოგვყევით