logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გურია ფიშ ფარმინგის" ნორვეგიული ორაგული ქსელურ მარკეტებში გამოჩნდა

"გურია ფიშ ფარმინგის" ნორვეგიული ორაგული ქსელურ მარკეტებში გამოჩნდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „გურია ფიშ ფარმინგის“ დამფუძნებელმა, გიორგი ჩხაიძემ განუცხადა ქსელური მარკეტების გარდა კომპანიამ სუშის რესტორნებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო.

მისივე ინფორმაციით, "გურია ფიშ ფარმინგი" მიმდინარე წელს აღნიშნული მიმართულებებით გაფართოებაზე იმუშავებს.

"სულ რაღაც 20 დღეა, რაც "აგროჰაბის" თაროებზე გამოვჩნდით და მოლაპარაკებები გვაქვს სხვა ქსელურ მარკეტებთან, რომლებსაც ცოცხალი თევზის სარეალიზაციო შესაბამისი პირობები აქვთ. ჩვენი ორაგული იმპორტირებულზე გაცილებით იაფია, თუმცა ხარისხით ნამდვილად არ ჩამოუვარდება და მეტიც, ზოგიერთი შეფასებით, ჩვენი პროდუქცია უფრო ხარისხიანია, რადგან ახალია, იმპორტირებულისგან განსხვავებით, "გურია ფიშ ფარმინგის" ორაგული 1 დღის დაკლულია და არა თვეების. გვაქვს მოლოდინი, რომ მოთხოვნა იქნება. 

ქსელური მარკეტების გარდა აქტიურად ვთანამშრომლობთ რესტორნებთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუშის რესტორნები საქართველოში წარმოებულ ნორვეგიულ ორაგულზე გადავიდნენ", - აცხადებს გიორგი ჩხაიძე.

რაც შეეხება საექსპორტო გეგმებს - "გურია ფიშ ფარმინგი" აზერბაიჯანსა და ყაზახეთში გასვლას გეგმავდა, თუმცა ამ ეტაპზე ორიენტირებულები ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე არიან. 

ცნობისთვის, "გურია ფიშ ფარმინგის" წლიური წარმადობა 500 ტონას აღემატება, რაც ამ ეტაპზე, სრულად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

შეგახსენებთ, კომპანია „გურია ფიშ ფარმინგი" გრიგოლეთში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მეურნეობაში 18 ადამიანია დასაქმებული.

გამოგვყევით