საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციაში Agriculture: Mobilizing Countries for Nature მიიღო მონაწილეობა. მინისტრი კლიმატის ცვლილების თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.
პანელზე „მსოფლიო და ბაქო COP29-ის შემდეგ: მიღწევები, პერსპექტივები და შესაძლებლობები კლიმატის ცვლილების სფეროში“ სიტყვით გამოსვლისას, დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალურ მნიშვნელობას და ამ პროცესში სოფლის მეურნეობის როლს.
დავით სონღულაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) კონფერენციის მასპინძლებს, 2024 წლის აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული უდიდესი შრომისა და ძალისხმევისთვის, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კლიმატის ცვლილების, როგორც მსოფლიო დღის წესრიგის ერთ-ერთი აქტუალური საკითხის წინ წამოწევასა და ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაში.
„კლიმატის ცვლილება ჩვენ ყველას გვეხება. გადაუდებლად აუცილებელია, ქვეყნებმა ერთობლივად ვიმუშაოთ როგორც პოლიტიკის, ისე პრაქტიკულ დონეზე. საქართველო მზად არის გააგრძელოს თანამშრომლობა პარტნიორებთან, განსაკუთრებით ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა COP და მსგავსი ინიციატივები. კლიმატის ცვლილება არ არის თეორიული გამოწვევა - ეს არის ყოველდღიური რეალობა, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს. საქართველოს აქვს მზაობა, რომ ეს ნაბიჯები გადადგას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
დავით სონღულაშვილმა დადებითად შეაფასა COP 29-ის დროს მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც უკავშირდება როგორც განვითარებული ქვეყნების მიერ გაზრდილი ფინანსური რესურსების მობილიზებას, ასევე კლიმატის ცვლილებების სფეროში ინვესტიციების და სათბურის გაზების ემისიებით ვაჭრობის სქემების წახალისებას.
კონფერენცია, რომელშიც არაერთი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მიზნად ისახავდა ბუნებაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციას, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი სტანდარტების წახალისებას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებას.
კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.