ხვალ და ზეგ, რომ აღარ იქნება დიზელზე და ბენზინზე მომუშავე მანქანა და ელექტრო მანქანა აჯობებს ფინანსურად, ჩვენ დაგვჭირდება დიდი რაოდენობის ელექტროენერგია, რომელიც არ გვაქვს, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა თორნიკე დარჯანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალი ეკუთვნის ელექტრომობილებს, ელექტრიფიცირებას გათბობის და გადაადგილების მიმართულებით.
"ჩვენი ინტერესია, რომ ენერგეტიკაში იყოს ძალიან დიდი ინვესტიცია, რადგან ქვეყანას ამ თალსაზრისით უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ასევე, ამან ძალიან დიდი წვლილი შეიძლება შეიტანოს ზოგადი დასაქმების მაჩვენებელში.
თუ განვითარებასთან არ მიხვალ, განვითარება მოვა ჩვენთან. დღეს ყველამ იცის რა ღირს ელექტროენერგია, ნავთობის ენერგომატარებლები, რომლებიც შემოდის - ამასთან პირისპირ არის კონკურენციაში შესული განახლებადი ენერგია. ყველა ინვესტორი იკვლევს ბაზარს და ხედავს, რომ ელექტროენერგიაზე იზრდება მოთხოვნა, ამიტომ ბუნებრივია, რომ მათ უჩნდებათ ინტერესი, რომ ამ სფეროში გააკეთონ ინვესტიცია.
ინვესტორი ფიქრობს დღეს გააკეთოს ინვესტიცია, რომ ხვალ ელექტრომოწყობილობების დაკმაყოფილება შეძლოს", - აცხადებს თორნიკე დარჯანია.