დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ქვეყანას არ დაემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
„დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა. დღესვე უნდა ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული. როდესაც ვსაუბრობთ ჰიდროელექტროსადგურებზე, 2800 მეგავატია საპროგნოზო მაჩვენებელი, ათწლიან პერსპექტივაში, აქედან დაახლოებით 1900 მეგავატი მოდის სწორედ დიდ ჰესებზე. ყველაფერი დათვლილი გვაქვს. ამიტომ, ვამბობთ, რომ თუ არ დაგვემატება დაახლოებით 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მით უმეტეს ვერ იქნება სტაბილურობა უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია.