ეროვნულ ბანკს მაღალინფლაციური რისკების რეალიზების შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მოუწევს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისი თქმით, მაღალინფლაციური რისკები მოიცავს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და ასევე, სატარიფო პოლიტიკის მიმართულებას, თუ როგორ გადაეცემა ის მსოფლიო ინფლაციას.
"წინა პროგნოზთან შედარებით ინფლაციის პროგნოზი უცვლელი დარჩა და 2025 წელს, საშუალოდ 3.8% იქნება. მიმდინარე მდგომარეობაც მიუყვება იმ ცენტრალ სცენარს რაც ჩვენ წინა პროგნოზის დროს გამოვაქვეყნეთ. ინფლაციური რისკები მიუხედავად ჩვენი პროგნოზებისა, საკმაოდ მწვავეა, რადგან გაურკვევლობა და სატარიფო პოლიტიკა ისევ ბუნდოვანებით არის მოცული.
(აშშ-ის) სატარიფო პოლიტიკის კუთხით იყო გარკვეული გადავადება და დღეის მდგომარეობით, ეფექტური ტარიფები რაც არის დაანონსებული შედარებით უფრო ნაკლებად მწვავეა, ვიდრე ეს იყო აპრილში. საქართველოზე ამას პირდაპირი ეფექტი არ ექნება, რადგან აშშ ჩვენი პირდაპირი, ძირითადი პარტნიორი ქვეყანა არ არის, თუმცა არაპირდაპირი გზებით თუ გლობალურად მაღალ ინფლაციური გარემო ჩამოყალიბდება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მცირე ზომის ღია ეკონომიკა ვართ, თავისთავად ეს ჩვენც გადმოგვეცემა.
მეორე ძირითადი რისკი არის გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების ესკალაციამ ასევე, შესაძლებელია გამოიწვიოს ნავთობის ბაზარზე ფასების ზრდა, რაც წინა პერიოდებში უკვე ვიხილეთ.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ითვალისწინებს შესაძლო რისკების რეალიზების შემთხვევაში რა ეკონომიკური მოცემულობა გვექნება და გადაწყვეტილებას იღებს იქიდან გამომდინარე, თუ რა არის უფრო მეტად ოპტიმალური, რათა ნებისმიერი რისკის რეალიზების შემთხვევაში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური იყოს. სწორედ, ამ მიდგომამ განაპირობა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახეზეა მაღალინფლაციური გარემო და ამ პერიოდში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რისკების მინიმიზების მიდგომიდან გამომდინარე, ისეთ ოპტიმალურ ტრაექტორიას ირჩევდა, რომ საქართველოში ფასების სტაბილურობა მიღწეული ყოფილიყო. სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა ის, რომ ჩვენთან 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იყო და პროგნოზს მიყვება", - აცხადებს თათია სოფრომაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.