ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე კიდევ ერთი ინტერვენცია განახორციელა და ბაზარს აშშ დოლარი მიაწოდა.
2024 წლის 11 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.
"აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება.
ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის,"-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ,ეს 2024 წლის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, ჯამში სებ-მა წელს ბაზარს 168.7 მილიონი დოლარი მიაწოდა. კერძოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი 16 მაისსაც გამართა. მაშინ სებ-მა ბაზარს 60 მლნ დოლარი მიაწოდა. 28 მაისს სებ-მა სავალუტო აუქციონზე ისევ 60 მლნ დოლარი გამოიტანა, თუმცა, 48.7 მილიონი დოლარი გაყიდა.
ჯამში, მაისიდან დღემდე, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის 168.7 მლნ დოლარი გაყიდა.