ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანაში დაგეგმილი ახალი ფინანსური სტრუქტურა კლასიკური კომერციული ბანკის ფუნქციებს არ შეასრულებს და არც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაექვემდებარება.
როგორც მან IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი ინსტიტუტი მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
"სახელმწიფო ბანკის თქმა იმ სტრუქტურაზე, რომლის შექმნაც იგეგმება არ არის სწორი დეფინიცია. ეს არ არის სტრუქტურა, რომელიც კლასიკურად ბანკის ფუნქციას ასრულებს და რაიმენაირად ან რაიმე ფორმით იქნება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ. ეს იქიდან გამომდინარე, რომ მას არ ექნება ის ფუნქციები, რაც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას საჭიროებს.
ეს არის კლასიკური განვითარების ინსტიტუტის მოდელი, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს. ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე ეს სრულად შიდა პროექტებზე კონცენტრირებული იქნება. უფრო დეტალურად ინფორმაციის მიღება ამ პროექტის პრეზენტაციაზე იქნება შესაძლებელი - მათ შორის, განვითარების ინსტიტუტის მანდატსა და გეგმებზე. ეს არ იქნება სახელმწიფო ბანკი და მას არ ექნება ის ფუნქციები, რა ფუნქციებიც ეროვნული ბანკის მხრიდან ზედამხედველობას საჭიროებს. ეს იქნება კლასიკური განვითარების ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციებს შეასრულებს", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.