"მაკროეკონომიკა არჩევნებამდეც ძლიერი იყო და ახლაც, არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ თვალსაწიერ მომავალში რაიმე შეიცვლება, თუ გარე შოკები არ იქნება" - ამის შესახებ ფინანსისტმა ლევან სურგულაძემ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე განაცხადა.
"წინასაარჩევნოდაც ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები იყო ძლიერი და კარგი. არც არაფერი შეცვლილა. ყველა ქვეყანაში ასეა, რომ აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეებს უჩნდებათ გაურკვევლობა და შესაბამისად, ეს იწვევს აჟიოტაჟურ მოთხოვნას თუნდაც მყარ ვალუტაზე. ეს ეროვნულმა ბანკმა თავისი ინტერვენციებით წარმატებით აღმოფხვრა,"- აცხადებს ლევან სურგულაძე.
ის ასევე, გამოეხმაურა საკონსულტაციო კომპანია "რეფორმატიკსის" ხელმძღვანელის ნიკა გილაურის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ნიკა გილაურის დასკვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
"ის პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენი ეკონომიკა მაღალი რისკის ქვეშ არის, მაშინ როცა Fitch-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ საქართველოს ძალიან კარგი მაკროეკონომიკური მახასიათებლები აქვს და მან გაოცებაც კი გამოხატა, რომ ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში როგორ გვქონდა ასეთი დაბალი ინფლაცია. შესაბამისად, გილაურის პროგნოზი არის საწინააღმდეგო და მე Fitch-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მსჯელობას და პროგნოზს უფრო ვენდობი.
გარდა ამისა, პირადადაც არ მაქვს არანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აპოკალიფსური სცენარი ვივარაუდო. ამასთან, ეს წარმოდგენილია აჟიოტაჟური ფორმით და შინაარსით, რაც ხელს არ უწყობს ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას", - აღნიშნა ლევან სურგულაძემ.