"გალერია თბილისში" ამ დროისთვის არ არის დარჩენილი არცერთი გასაქირავებელი ფართი და სავაჭრო ცენტრი სრული დატვირტვით მუშაობს. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" "გალერია თბილისში" განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ძირითადად წარმოდგენილია საერთაშორისო ბრენდები და მოთხოვნაც უფრო მეტად უცხოური ბრენდებისგანაა, მათ შორის არიან ისეთები რომელიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ბაზარზე შემოსვლით. ამასთანავე, "გალერია თბილისში" წარმოდგენილნი არიან ადგილობრივი წარმოების ქართული ბრენდები და მოთხოვნა მათი მხრიდანაც საკმაოდ დიდია.
"გამომდინარე იქიდან, რომ "გალერია თბილისი" ყველა სხვა სავაჭრო ცენტრთან მიმართებაში საკმაოდ პატარაა ფართობის მხრივ, სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს ბრენდებისთვის უარის თქმა გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკურად არ არის სავაჭრო ცენტრში თავისუფალი სივრცე. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდია ე.წ მომლოდინეთა სია, რომელსაც შესაბამისი სამსახური უკავშირდება ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში,"-აცხადებენ "გალერია თბილისში".
რაც შეეხება საიჯარო ფასს, სავაჭრო ცენტრის მენეჯმენტის ინფორმაციით, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის ღირებულება წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 10%-ითაა გაზრდილი.
კითხვაზე,ხომ არ განიხილება ქართული კომპანიებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესება იმ ნაწილში, რომ დამწყებ ბიზნესმენებს, სტარტაპ კომპანიებს უჭირთ მოლებში, მათ შორის "გალერია თბილისში" სტენდის დადგმა, რადგან მათივე ინფორმაციით, არის შესაბამო ფასები, - სავაჭრო ცენტრში განმარტავენ, რომ არ ახსენდებათ მსგავსი ფაქტი, როდესაც იჯარის გამო ქართულ ბრენდს სტენდის განთავსებაზე უარი ეთქვას.
"პირიქით, იმდენად დიდია სურვილი მათი მხრიდან განთავსების რომ ადგილის ვაკანტურობის შემთხვევაში მაშინვე ხდება მათი პოზიციის დაფიქსირება და შემდეგ უკვე განთავსება. ამის დასტურია ისიც, რომ "გალერია თბილისში" ძალიან ბევრი სტენდია წარმოდგენილი,"-აცხადებენ სავაჭრო ცენტრში.
"გალერია თბილისში" მოახლოებულ Black friday-სთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბოლო წლებია რაც მომხმარებელი აქტიურად ელოდება წლის ყველაზე დატვირთულ პერიოდს ფასდაკლებების კუთხით და ეს სწორედ ნოემბრის ბოლო ე. წ შავი პარასკევის პერიოდია. შესაბამისად მოლოდინი იმის რომ აღნიშნული დღე იქნება საკმაოდ დატვირთული დიდია.
"მით უმეტეს რომ "შავი პარასკევის" შემდგომ 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს "გალერია თბილისი" ორი დღის მანძილზე აღნიშნავს დაბადების დღეს. აღნიშნული ორი დღის მანძილზე მომხმარებელს შესთავაზებს ულიმიტო 30% ქეშბექს, სადაც პარალელურად იმოქმედებს შავი პარასკევის შეთავაზებებიც, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა,"-აცხადებენ "გალერია თბილისში".