2024 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 281.1 მლნ აშშ დოლარი (766.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.5%-ით (4.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
მარეგულირებლის სტატისტიკით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.7% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.6% მოდიოდა.
ყველაზე მეტი თანხა – 50.87 მილიონი აშშ დოლარი აშშ-დან გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა იტალია- 47.33 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილს 34.37 მილიონი აშშ დოლარით რუსეთის ფედერაცია იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია - 24.54 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი, 22.77 მილიონი აშშ დოლარით.
2024 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.7 მლნ აშშ დოლარი (97.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ოქტომბრის (31.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ით მეტია.