ახალი წლის პერიოდში უცხოეთში დასვენებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 30%-მდე იზრდება, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია "ნოვა ტურის" დამფუძნებელმა მამუკა ჯიქიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახალი წლის პერიოდი, ისეთივე აქტიურია როგორც ზაფხულის.
"ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ეგვიპტე და 95%-ით უკვე დაჯავშნილია. ქართველმა მომხმარებლებმა ისწავლეს, რომ ახალი წლის პერიოდში მოგზაურობა რამდენიმე თვით ადრე უნდა დაჯავშნონ, რაც ძალიან კარგია. ჩვენი მომხმარებლები ორ კატეგორიად იყოფა. პირველი კატეგორია არიან ისინი ვისაც თბილ ქვეყნებში უნდა დასვენება, როგორიც არის ეგვიპტე, მალდივები და ა.შ. ხოლო მეორე კატეგორიის მომხმარებლები ევროპის ქვეყნებს კერძოდ, იტალიას და საფრანგეთს არჩევენ.
ახალი წლის პერიოდში მოთხოვნის ზრდა გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ პერიოდში თავისუფალი დღეები აქვთ მოქალაქეებს, არ მუშაობენ და თან ახალი წლის სახლში შეხვედრაც მობეზრდათ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის პერიოდში ბიუჯეტური მიმართულებები თითქმის არ არსებობს, მომხმარებელთა რიცხვი მაინც იზრდება", - აცხადებს მამუკა ჯიქია.