logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ინდოეთიდან MICE ტურიზმზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა - "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი"

ინდოეთიდან MICE ტურიზმზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, -  ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა,  ნატალია ჩანადირმა  განაცხადა.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი სავიზო პროცედურების გამარტივებაა.

MICE ტურიზმს რაც შეეხება ვერ ვიტყვი, რომ პანდემიამდე რაც იყო იმ მოთხოვნების რაოდენობას დავეწიეთ, თუმცა ის ყოველწლიურად იზრდება. ხაზგასასმელია ის, რომ  საქმიანი ტურიზმი ყველაზე  მეტად  ინდოეთის  მიმართულებით იზრდება და ტენდენცია ყოველწლიურად მზარდია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ძალიან კარგად უპასუხოს თითოეული ქვეყნის მოთხოვნას და ასევე, დახვდეს ისე, როგორც მათ სურთ. საქართველოს MICE ტურიზმში ძალიან დიდი კონკურენციას  ბაქო და სტამბოლი უწევს“, - აცხადებს ნატალია ჩანადირი.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა დაახლოებით, 101%-ით არის გაზრდილი - ეს საქმიანი ტურიზმი არ არის და მათი სტუმრობა უმეტესად ტურისტული და გასართობი ხასიათისაა, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური.

“ჩვენი სტუმრების ძირითად ნაწილს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი წარმოადგენს, ხოლო ქართველები უფრო ნაკლებად. როგორც ვიცით, წელს საქართველოში შემოსული ტურისტების ყველაზე დიდ წილს წარმოადგენს რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ინდოეთი, ჩინეთი და ისრაელი", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში მსოფლიოში ლიდერი კომპანიის Marriott International-ის გუნდში შემავალი სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" 1991 წლიდან ოპერირებს. აღნიშნული  პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა ძველ თბილისთან ახლოს, რომელიც 14 კმ-ით არის დაშორებული აეროპორტიდან.

დღეისათვის, სასტუმრო "შერატონ თბილისი" 220 ოთახითა და ლუქსით არის წარმოდგენილი ბაზარზე. უმეტესობა მათგანი აივნებითა და და ძველი თბილისის ხედებით არის. სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ხუთი რესტორანი ნებისმიერი კულინარიული გემოვნების ადამიანისთვისაა განკუთვნილი: თანამედროვე ქართული სამზარეულოს საუკეთესო არომატები ATI რუფტოპ რესტორანში, ხოლო სპორტის მოყვარულთა საუკეთესო შეკრების ადგილი „კრაფტ ჰაუსი“.

სასტუმრო ასევე, მოიცავს ქალაქში უდიდეს 2 000 კვ.მ საბანკეტო სივრცეს, მრავალმხრივი შეკრებებისთვის, მათ შორის, 12 ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის და 1000 კვ.მ. ფართობის დარბაზს საერთაშორისო კონფერენციებისთვის, გამოფენებისთვის და ა.შ. 

სასტუმროში ფუნქციონირებს  სპა, პაუზა და უახლესი სატრენაჟორო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი. სასტუმროში მოქმედებს ხუთი ბარი, რესტორანი და ღია აუზი.

გამოგვყევით