2026 წლის მარტის ბოლოდან 7 აპრილამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოსთან 2026 წლის IV მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციები გამართა.
მისიის შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განცხადებები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა გააკეთეს.
ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის მზაობა მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე. „ეროვნული ბანკი ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის. ჩვენ უკვე გვაქვს დეტალური შიდა ანალიზი ნავთობის ფასების სხვადასხვა ვარიანტზე და სწორედ ამის საფუძველზე ვაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა ბანკის მიმდინარე მონეტარულ პოლიტიკაზე. მისი თქმით, მიმდინარე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ია და ის 1 პროცენტული პუნქტით აღემატება ნეიტრალურ დონეს. მან აღნიშნა, რომ განაკვეთი ბოლო თვეების განმავლობაში უცვლელად შენარჩუნდა, რაც რეგიონში არსებული გაურკვევლობის პირობებში სებ-ის წინდახედულ მიდგომას ადასტურებს.
„გვქონდა იმედი, რომ განაკვეთის შემცირება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ რეგიონში არსებული რისკების გამო ეროვნული ბანკი, მსგავსად მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკებისა, ამ ეტაპზე მოლოდინის რეჟიმში რჩება. ჩვენ მზად ვართ საჭიროებისამებრ პოლიტიკის გამკაცრებისთვის. ზოგადად, საქართველოს ეროვნული ბანკი იმით არის ცნობილი ბოლო შოკების პერიოდში, რომ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ასეც გაგრძელდება” - განაცხადა ნათია თურნავამ. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.