საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის მარტის ბოლოსათვის 58.47 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 467.90 მილიონი ლარით, 0.81%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.46%-ით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მარეგულირებლის ინფორმაციით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.27% შეადგინა. მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 67.78 მილიონი ლარით, ანუ 0.25%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.93%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 400.11 მილიონი ლარით, ანუ 1.29%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.92%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის მარტის ბოლოსათვის 47.23 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.35 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.04 პროცენტული პუნქტით).
მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.84% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.84% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.56%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.65% , ხოლო ევროს წილმა 18.91% შეადგინა.