საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში დინამიკურად იზრდებოდა. 2020 წელს გაიცა პირველი აქტივების მმართველის, ხოლო 2021 წელს პირველი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაცია. შემდეგი სამი წლის განმავლობაში, საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა წელიწადში საშუალოდ 59%-ით იზრდებოდა და 2024 წლის ბოლოს 200 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა აქტივების მმართველი კომპანიებისა და საინვესტიციო ფონდების რაოდენობაც: 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბაზარზე ოპერირებდა 8 აქტივების მმართველი კომპანია და 19 საინვესტიციო ფონდი.
აქვე აღსანიშნავია საინვესტიციო ფონდების სტრატეგიების მრავალფეროვნება, ბაზარზე წარმოდგენილია როგორც სასესხო და ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში ინვესტიციის განმახორციელებელი ფონდები, ასევე კერძო და ვენჩურული კაპიტალის, „შერეული“ და სხვა ტიპის ფონდები.
აღნიშნული ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ეროვნული ბანკის როლი საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწის პროცესში. სებ-ის მიერ ბოლო წლების განმავლობაში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები და კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებები ხელს უწყობს უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური საინვესტიციო გარემოს შექმნას, რაც ახალ მონაწილეებს აძლევს ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას.
საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 2020 წლის ივლისში დამტკიცდა ახალი კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, სრულად განახლდა და დაიხვეწა მარეგულირებელი ჩარჩო. ახალი ჩარჩო ეფუძნება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ძირითად პრინციპებს. აღნიშნულს ადასტურებს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის თებერვლის ანალიტიკური ანგარიშიც, რომლის თანახმად საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაშია. ამგვარი ჩარჩოს არსებობის პირობებში, საქართველოში საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების მიმართ ბაზრის მონაწილეთა ინტერესიც გაიზარდა.
საბოლოოდ, ეროვნული ბანკის მიერ უზრუნველყოფილი მარეგულირებელი ჩარჩო და ზედამხედველობა ბიძგს აძლევს ბაზრის გაჯანსაღებასა და ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად აისახება ქვეყნის ფინანსურ მდგრადობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.