მანგლისში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად სამომავლოდ, შესაძლოა, 2 ახალი საბავშვო ბაღი და იმავე რაოდენობის სკოლა მოეწყოს. ამის შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის განაშენიანების გეგმაშია ნათქვამი.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, პროექტში გათვალისწინებულია 1 არსებული ბაღის შენარჩუნება და დამატებით 2 ახალი საბავშვო ბაღის მოწყობა.
"დაბაში დღეს მოქმედი საბავშვო ბაღი რაოდენობრივად სრულად აკმაყოფილებს დაბის მოთხოვნებს, თუმცა მისი მომსახურების რადიუსი საცხოვრებელი განაშენიანების ¼-საც კი ვერ ფარავს. მომსახურების რადიუსი ნაანგარიშებია 260 დადგენილების #3 დანართის შესაბამისად სადაც განსაზღვრულია 500 მეტრიანი მომსახურების რადიუსი.
კონცეფციით გამოვლენილია და პროექტში ასახულია რამდენიმე ადგილმდებარეობა, სადაც შესაძლებელია პერსპექტივაში, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად მოეწყოს ახალი საბავშვო ბაღები. მომსახურების რადიუსების მიხედვით მინიმუმ 5 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა აუცილებელი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დასახლების ძირითად პროფილს საკურორტო-სააგარაკე ფუნქცია განსაზღვრავს, პროექტში გათვალისწინებულია ერთი არსებული ბაღის შენარჩუნება და ორი საბავშვო ბაღის დამატება", - აღნიშნულია დოკუმენტში.
მათივე ცნობით, ახალი საბავშვო ბაგა/ბაღებისთვის ტერიტორიები შერჩეულია 2 პრინციპის გათვალისწინებით: მოემსახუროს არსებული და საპროექტო საცხოვრებელი სახლების მაქსიმალურ რაოდენობას და ტერიტორია სახელმწიფოს, ან თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ ადგილზე გამოიყოს.
"საპროექტო საბავშვო ბაღი გათვალისწინებულია #11 განაშენიანების დეტალური გეგმის არეალში და მისი მშენებლობა მიზანშეწონილია ამ და მიმდებარე გდგ-არეალების საცხოვრებელი სახლებით გაჯერების შემდგომ", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ბაღების მოწყობის პარალელურად დაბაში სამომავლო პერსპექტივაში ასევე იგეგმება - 1 არსებული სკოლის შენარჩუნება და 2-ის დამატება.
"პროექტში გათვალისწინებულია რამდენიმე ლოკაცია, სადაც შესაძლებელია პერსპექტივაში, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად მოეწყოს ახალი სკოლები. მომსახურების რადიუსების მიხედვით 4 სასკოლო დაწესებულებაა აუცილებელი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დასახლების ძირითად პროფილს საკურორტო-სააგარაკე ფუნქცია განსაზღვრავს, გათვალისწინებულია ერთი არსებული სკოლის შენარჩუნება და ორის
დამატება. ამ ანგარიშში არ არის გათვალისწინებული მშენებარე „ევროპული სკოლა“, ვინაიდან მის პროფილად განსაზღვრულია დასვენების დღეებში მოსწავლეების მიღება და ამასთანავე ის ისე ახლოსაა მოქმედ სკოლასთან, რომ მომსახურების არეალზე ვერ ახდენს გავლენას, ხოლო რაოდენობრივი პრობლემა ისედაც არ არის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, რომელიც სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების წესებს მოიცავს.
ახალი რეგულაციები განსაზღვრავს, როგორ უნდა მომზადდეს გენერალური გეგმები, ზონისა და ინდივიდუალური სამშენებლო პროექტები. ამასთან, პროექტი საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილების მოთხოვნებს შეესაბამება. მისი მიზანია მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო ეფექტური დაგეგმარება.