თბილისში მდებარე "წიგნები ვაკეში" დამფუძნებლის, მარიამ კიკაჩეიშვილის ინფორმაციით, მათ შემთხვევაში ბიზნეს ლიტერატურის ძირითადი მკითხველები 18-დან 25 წლამდე სტუდენტები არიან, რომლებსაც მთლიანი გაყიდვების 60%-იანი წილი უკავიათ.
როგორც მარიამ კიკაჩეიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ახალგაზრდების დაინტერესება ბიზნეს ლიტერატურის მიმართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, კერძოდ, სტუდენტებს ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ.
"ამჟამად, სტაბილური მკითხველი გვყავს, ახალი მომხმარებლებიც გვემატება. ქვეყანაში ეკონომიკური კუთხით არასახარბიელო მდგომარეობაა, ამ ყველაფრის ფონზე ბიზნეს ლიტერატურის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება დიდია, გამოსავლის პოვნა და ცხოვრების გაუმჯობესება უნდათ. ამასთან, სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლას იწყებენ, დაინტერესებული არიან უცხოელი ავტორების გამოცდილება, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე გაიზიარონ. ბიზნეს ლიტერატურის მთლიანი გაყიდვების დიდი წილი სწორედ სტუდენტურ სეგმენტს უჭირავს, 40%-ი კი, შუა ხნის ასაკის მომხმარებლებზე მოდის, რომლებიც ძირითადად ბიზნესს ბიოგრაფიის მიმართულებით იხრებიან.
განსაკუთრებით რომელიმე ავტორის წიგნს ვერ გამოვყოფ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ბიზნეს მიმართულების წიგნები პოლიტიკასთან ახლოსაა, შესაბამისად, მკითხველები გეოპოლიტიკური, ტექნოლოგიური გამოცემებითაც საკმაოდ დაინტერესებული არიან. ბიზნეს ლიტერატურის ფასის დიაპაზონს, რაც შეეხება (როგორც ქართული, ასევე უცხოური) 15 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე მერყეობს", - აღნიშნავს მარიამ კიკაჩეიშვილი.
"წიგნები ვაკეში" დამფუძნებელი, სხვადასხვა, ჟანრის წიგნების გაყიდვების მიმართულებითაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით შემცირდა.
"მაგალითად, საბავშვო ლიტერატურის კუთხით, რომ გესაუბროთ, აღნიშნული მიმართულებით, მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვითაა ყველაფერი დაყოფილი. ზოგად ჭრილში კი, წიგნების გაყიდვები შემცირდა, ქვეყანაში მცხოვრებ მკითხველებს, ამჟამად, წიგნის მაღაზიაში სიარულის ფუფუნება არ აქვთ, არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო.
სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება გაფართოებას არ ვგეგმავთ. სტაბილურად რა წიგნებსაც ვიწერდით, ამ მიმართულებით კვლავ აქტიურები ვართ. ასევე დისტრიბუციის მიმართულებით ვმუშაობთ, კერძოდ, უცხოური გამოცემები, რაც შემოგვაქვს, სხვადასხვა, წიგნის მაღაზიებს ვაწოდებთ", - აცხადებს "წიგნები ვაკეში" დამფუძნებელი.
ცნობისთვის, "წიგნები ვაკეში" თბილისში მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს.