სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტების სამუშაო ვიზიტი დასრულდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში ლაბორატორიის სპეციალისტებმა სურსათში ტრანსცხიმების კვლევის მეთოდის ოპტიმიზაცია მოახდინეს და ტრანსცხიმოვანი მჟავების საკვლევი სპექტრი გააფართოვეს.
უწყების ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ლაბორატორია მზად არის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, სურსათში ტრანსცხიმების შემცველობის ლაბორატორიული კვლევები ჩაატაროს.
"ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე მიღწეული შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ლევან ჯღარკავა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჟოაო ბრედა, აკადემიკოსი და რისკის შეფასების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ცქიტიშვილი, ტრანსცხიმების ელიმინაციის მულტისექტორული სამუშაო ჯგუფის წევრები და ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სურსათში ტრანსცხიმების კვლევის ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტრანსცხიმების შემცირების ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას და მათი ელიმინაციის პროცესს. ვიზიტის ფარგლებში გამართული ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ",-აღნიშნულია ინფორმაციაში.