logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თინე" გაყიდვების 40%-იანი ზრდის შემდეგ, ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს

სუფრების, ხელნაკეთი ნივთებისა და დეკორაციების თანამედროვე ქართული ბრენდი "თინე" უახლოეს პერიოდში (რამდენიმე თვეში) ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. 

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელი, თიკო კიკალეიშვილი აღნიშნავს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა 40%-ით გაიზარდა, რასაც კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობის ზრდას და სოციალურ ქსელში აქტიურ მარკეტინგულ ჩართულობას უკავშირებს.

ქართული ბრენდის წარმომადგენლის ინფორმაციით, ზოგადად საქართველოში ონლაინ ბიზნესების გაყიდვების მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია. 

"სურვილი გვქონდა თბილისსა და ბათუმში სტენდების გაგვეხსნა, მაგრამ აღნიშნული პროექტი შევაჩერეთ. გადავწყვიტეთ ჯერ ასორტიმენტი გავზარდოთ. ბიზნესს იდეის საინვესტიციო ღირებულებას, ვერ დაგიზუსტებთ, რადგან ამ ეტაპზე, ბაზრის კვლევას ვაწარმოებთ. უახლოეს მომავალში გვინდა, სახლის დეკორაციული ნივთებისა და აქსესუარების უფრო დიდი არჩევანი გვქონდეს. ნედლეული თურქეთიდან მოგვაქვს, ხელნაკეთ ნივთებს კი, სახლის პირობებში თავად ვამზადებ, დაბოლოს, პროდუქციას საქართველოს მასშტაბით სოციალური ქსელი მეშვეობით ვყიდით.

მომხმარებლების 95%-ი ადგილობრივი მოსახლეობაა, განსაკუთრებით თბილისი აქტიურობს, შემდეგ აჭარის და კახეთის რეგიონი მოდის. 5%-ი კი, საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს უჭირავს", - აღნიშნავს ქართული ბრენდი "თინე"-ს დამფუძნებელი.

თიკო კიკალეიშვილი ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ანალოგიური ბიზნესს პლატფორმების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

"პროდუქციის ფასის დიაპაზონს, რაც შეეხება, ჩვენს შემთხვევაში, მაგალითად, სუფრები 60 ლარიდან იწყება და 150-მდე მერყეობს. კონკურენციის მიმართულებით, რომ გესაუბროთ - ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მსგავსი ბიზნესის წარმოებამ შესამჩნევად მოიმატა, რადგან პირველ რიგში, მომხმარებელთა მოთხოვნა გაიზარდა. ამასთან, პროდუქციაც სპეციფიკური ტიპისაა, მალფუჭებადი არ არის, შესაბამისად, მსგავსი ბიზნესის მიმართ დაინტერესებაც მაღალია. ჩვენ კი, მოჭარბებულ კონკურენციას ასორტიმენტის გაზრდით ვუპასუხებთ", - აცხადებს ქართული ბრენდის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, სუფრების, ხელნაკეთი ნივთებისა და დეკორაციების თანამედროვე ქართული ბრენდი "თინე" ადგილობრივ ბაზარზე 2 წელია ოპერირებს.

გამოგვყევით