"ჩიზუკა" ტრუფელის ყველის დამატებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ვიკა იობიძემ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, აღნიშნული დასახელების ყველი ბაზარზე, სავარაუდოდ, ნოემბრიდან გამოჩნდება.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები წლიდან წლამდე იზრდება და მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით "ჩიზუკას" გაყიდვები დაახლოებით, 30-40%-ით გაიზარდა.
"ზაფხულში ქვეყანაში, გვალვების გამო, რძის სერიოზული დეფიციტი იყო. ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, უბრალოდ რძის წლევანდელმა დეფიციტმა გეგმები შეგვიცვალა. წარმადობა არ შეგვიმცირებია, თუმცა გაზრდა ვერ მოვახერხეთ.
მოთხოვნა ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში თითქმის 100% ქართველი მომხმარებლების მხრიდან მოდის, ხოლო ტურისტულ ლოკაციებზე, სადაც ჩვენი პროდუქცია იყიდება, იქ, რა თქმა უნდა, უცხოელი მომხმარებლებიც გვყავს.
ჩვენ ბოლო პერიოდში, მზა ყველის დაფები დავამატეთ, რასაც ძალიან კარგი შეფასება მოჰყვა მომხმარებლების მხრიდან. აღნიშნულზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ტურისტულ ადგილებში", - აცხადებს ვიკა იობიძე.
რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზრების გაზრდას - როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, "ჩიზუკა" ქსელურ მარკეტებში" შესვლას არ განიხილავს, რადგან ნიშური მაღაზიები მათთვის უფრო მეტად საინტერესოა.
ცნობისთვის, საოჯახო ბიზნესმა ყველის წარმოება 1996 წელს წალკის რაიონის, სოფელ სანთაში დაიწყო. ქართულ ბაზარზე ახალგაზრდა მეწარმის პროდუქცია "ჩიზუკას" სახელით 2 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას საკუთარი ფერმა აქვს და ასევე, რძეს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. "ჩიზუკას" ყველი იყიდება ონლაინ და ასევე, რამდენიმე სავაჭრო ქსელში, მათ შორის, "ფრესკოში".