logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ინდური კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულნი" - GNTA-ს ახალი მიმართულება

"ინდური კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულნი" - GNTA-ს ახალი მიმართულება

1756804260

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ინდოეთიდან 15 მსხვილი კომპანიას მასპინძლობს. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულნი.

ინდური კომპანიების წარმომადგენლები თბილისში, მუხრანსა და კახეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა და სასტუმროებს გაეცნენ, სადაც ქორწილების ჩატარებაა შესაძლებელი.

ვიზიტის ფარგლებში ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

„საქორწილო მიმართულება ერთ-ერთი ახალი, საინტერესო მიმართულებაა, რისთვისაც საქართველოს განიხილავენ როგორც ახალ დანიშნულების ადგილს. ეს არის ტურისტული პროდუქტი, როდესაც მოკლე ვადებში დიდი ოდენობით ჯგუფები ორგანიზებულად ჩამოდიან და გამოირჩევიან მაღალმხარჯველობით. ევროპაში ეს გამოცდილი პროდუქტია - არაერთმა ქვეყანამ პოზიციონირება გააკეთა, როგორც საქორწილო მიმართულებამ. ვფიქრობ, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ქვეყნის სტუმარმასპინძლობის სფეროს უნარი აქვს, რომ ეს ნიშა დაიმკვიდროს. სწორედ ამიტომ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ამ ახალ პროექტზე და ამ მიზნით საქართველოს ეწვივნენ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები - ქორწილების დამგეგმავები ინდოეთიდან,“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

„როგორც იცით, ინდოელები ძალიან ბევრს მოგზაურობენ, იქნება ეს ქორწილები, კორპორატიული ღონისძიებები თუ ინდივიდუალური მოგზაურობები, ისინი ყოველთვის ეძებენ სიახლეს.  ყველაზე კარგი რაც საქართველოში ვნახე, ეს კულტურისა და კერძების მსგავსებაა ინდურ კულტურასთან, რაც დიდი პლიუსია. ინდოეთის ქალაქებიდან პირდაპირი ფრენები საქართველოში ძალიან დიდი უპირატესობაა. ინდოელ მოგზაურებს არ უწევთ ლოდინი გადასხდომისას.  საქართველო ერთ-ერთი ძალიან ხელმისაწვდომი ევროპული მიმართულებაა.  ჩვენ მრავალ სასტუმროსა და ლოკაციას ვესტუმრეთ. ადამიანები ძალიან მეგობრულები არიან, რაც აუცილებელია ჩვენი  ჯგუფებისთვის, ეს დაგვეხმარება მარტივად ჩამოვიყვანოთ ჩვენი კლიენტები საქართველოში“,-აცხადებს ინდური ღონისძიებების კომპანიის  წარმომადგენელი იშა.

ინდოეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წლის იანვარ–ივნისის მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში 75 893 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 31.4%-იანი ზრდაა. ტოპ ქვეყნებს შორის ინდოეთი მე-6 ადგილზეა. ინდოეთიდან ვიზიტორების 6 თვის მონაცემებით მთლიანი დანახარჯი 110.5 მილიონი ლარია.

ახალი მიმართულებების განვითარების მიზანშეწონილობაზე საუბრობს კვლევითი და საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-იც. კომპანიის 2025 წლის ორი კვარტლის კვლევაში აღნიშნულია, რომ ინდოეთის ბაზრის მასშტაბის გათვალისწინებით მიზანშეწონილია უფრო მაღალმხარჯველი სეგმენტის მოზიდვა. მნიშვნელოვანია საქმიანი და ღონისძიებებზე ორიენტირებული ვიზიტების - კონფერენციების, ფორუმების, ქორწილების - უფრო მეტად წახალისება.

გამოგვყევით