ქუთაისი–აბუ-დაბის რეისების გაუქმებამ, აბუ-დაბისა და დუბაის ტურისტული მიმართულება გააძვირა. როგორც ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელმა, გიორგი მელიქიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მგზავრებს ახლა დუბაისა და აბუ-დაბის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უწევთ გამგზავრება, სადაც ბილეთები უფრო ძვირია.
მისივე ინფორმაციით, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის ბაზა არაბეთის ყურეში არსებული დაძაბულობისა და არასტაბილური ვითარების გამო გაუქმდა და შესაბამისად, კომპანიას რამდენიმე მიმართულებისა და რეისის გაუქმება მოუწია.
"ავიაკომპანია Wizz Air-ს ბაზა რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის, აბუ-დაბიში ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ არაბეთის ყურეში გარკვეული დაძაბულობა და არასტაბილური მდგომარეობა იყო, აბუ-დაბიში არსებული ბაზის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. ძალიან ცოტა რაოდენობის თვითმფრინავი დატოვეს და შესაბამისად, ბევრი რეისის და მიმართულების გაუქმება მოუწიათ. ერთ-ერთი მიმართულება იყო ქუთაისი. ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, რომ დარჩენილი თვითმფრინავები მიემართა ისეთი ბაზრებისთვის, რომელიც უფრო გამართლებული და კომერციულად მომგებიანი იქნებოდა. სამწუხაროდ, ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულება ძალიან ხელსაყრელი იყო, გვქონდა დუბაიში ხელსაყრელი პაკეტებიც და ა. შ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე დუბაისა და აბუ-დაბის მიმართულებები უკვე გაძვირდა, რადგან გაფრენა თბილისიდან ხდება, სადაც შედარებით მაღალი საფასო კატეგორიის ავიაკომპანიები დაფრინავენ", - აცხადებს გიორგი მელიქიშვილი.
ცნობისთვის, Wizz Air Holdings-ის სტრატეგიული გადაწყვეტილების საფუძველზე, Wizz Air Abu Dhabi-მ 2025 წლის 1 სექტემბრიდან ოპერირება შეწყვიტა. ქუთაისი-აბუ-დაბის უკანასკნელი რეისი 31 აგვისტოს შესრულდა.