ძველ ბათუმში მდებარე, სასტუმრო "აკორდი" ზაფხულის სეზონზე 100%-იანი დატვირთულობით მუშაობდა. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი, მარიამ კედელაძე აღნიშნავს, დამსვენებლების 80%-ი უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, სადაც არაბ ტურისტებს, მინიმუმ 30%-იანი წილი ეკავათ.
ადგილობრივი მეწარმის ინფორმაციით, ბათუმში აზიელი ტურისტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
"კარგი სეზონი გვქონდა, სამივე თვის აქტიურები ვიყავით. ამჟამად, 70%-იანი დატვირთულობა გვაქვს. წინასწარი ჯავშნების კუთხითაც დადებითი დინამიკაა, როგორც ოქტომბერში, ასევე დეკემბერში ნომრები დაჯავშნილია, მაგალითად, ოქტომბრის თვის 35% უკვე დაკავებულია. ზაფხულის სეზონზე მომხმარებლების უმრავლესობა უცხოეთიდან იყო. კერძოდ, სტუმრები ევროპიდან, უკრაინიდან ყაზახეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან გვყავდა, 20%-ი კი, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიკავა. ფასების დინამიკას, რაც შეეხება - ივნისიდან ოთახების ღირებულება გაზრდილია და ერთი ღამის ფასი 200 ლარიდან იწყება.
ბათუმში აზიელი სტუმრები მომრავლდა, მაგალითად, ჩვენ არაბ სტუმრებს ვმასპინძლობთ ხოლმე. კვების კუთხით, რომ გესაუბროთ, საკუთარი მენიუ გვაქვს და ძირითადად, ადგილობრივ კერძებზე უარს არ ამბობენ", - ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.
მარიამ კედელაძე ზოგადად ბათუმში მიმდინარე სიტუაციაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ქალაქში სარესტორნო მიმართულებით ფასები მკვეთრად გაზრდილია.
"განვითარებას რაც შეეხება, ამ ეტაპზე, განსაკუთრებით დიდი გეგმები არ გვაქვს, ხარისხი გვინდა შევინარჩუნოთ, თუმცა სამომავლოდ მცირედ სარემონტო სამუშაოებს ვაპირებთ. ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა, - ქალაქში სასტუმროების რიცხვი გაიზარდა, მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს და ფასებიც დარეგულირდა. სარესტორნო სექტორს, რაც შეეხება - კვების მიმართულება ნამდვილად გაზრდილია. ჩემი აზრით, აღნიშნული თემა კომპლექსური საკითხია და თუ როგორ უნდა დარეგულირდეს თქმა გამიჭირდება", - აღნიშნავს "აკორდის" დამფუძნებელი.
ცნობისთვის, ძველ ბათუმში მდებარე, სასტუმრო "აკორდი" ახალი გახსნილია და ადგილობრივ ბაზარზე ამ წლის 25 აპრილიდან ფუნქციონირებს. ტურისტული ობიექტი სულ 8 ნომერს და დიდ ვერანდას მოიცავს, რომელიც მთლიანად ყველა ოთახზე გადის. ამასთან, სასტუმროს შემადგენლობაშია ბარი.