სასტუმროებში ტრენინგებისა და "ვორქშოფების" მიმართულებით ძირითადი მოთხოვნა ადგილობრივი ბაზრიდანაა. კორპორატიული კლიენტების მხრიდან მოთხოვნა 2–3-დღიან ღონისძიებებზეა, - ამის შესახებ მცხეთაში არსებული სასტუმრო Hedi-ის დამფუძნებელმა სალომე გურგენიძე "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ზოგადად სასტუმროს მიმართ მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია და ამჟამად, სასტუმრო 70%-იანი დატვირთულობით მუშაობს.
"აგვისტოს თვეში, წინა წლის, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 10%-ით იყო გაზრდილი. ზოგადად, მცხეთაში წინასწარ ჯავშნებს ნაკლებად აკეთებენ, რადგან უფრო ხშირად უცებ გეგმავენ და გვსტუმრობენ. მიუხედავად ამისა, გარკვეული რაოდენობა წინასწარი ჯავშნები გვაქვს.
აგვისტოში ჩვენი დამსვენებლების დიდი ნაწილი უცხოელი იყო, თუმცა საერთო ჯამში ქართველი მომხმარებელი უფრო მეტი გვყავს. რაც შეეხება უცხოელების სეგმენტს - გვსტუმრობენ როგორც ევროპელი, ისე აზიელი ტურისტები", - აცხადებს სალომე გურგენიძე.
ცნობისთვის, მცხეთაში არსებული სასტუმრო Hedi 4 წლის წინ გაიხსნა. სასტუმრო 8 ნომერს, ტერასებს, ღია და დახურულ კაფესა და გამწვანებულ ეზოს მოიცავს.