logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"თებერვლის პირველ ნახევარში ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტებზე დანახარჯები შედარებით გაზრდილია"

"თებერვლის პირველ ნახევარში ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტებზე დანახარჯები შედარებით გაზრდილია"

1740391966

"თებერვლის პირველ ნახევარში ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტებზე დანახარჯები შედარებით გაზრდილია" - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის "ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან" მიმოხილვაშია აღნიშნული.  

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თიბისის არხებით უნაღდო ანგარიშსწორების მონაცემებზე დაყრდნობით, წინა თვესთან შედარებით, მატება ფიქსირდება არარეზიდენტებისა და მიგრანტების ხარჯებშიც, თუმცა, წლიურ ჭრილში, აღდგენა უფრო სუსტია. 

"ჩვენი შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაუმჯობესდა. აღნიშნული შეფასება ეყრდნობა ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვას, რომლებიც ნახატებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების ქვეჯგუფის იმპორტში დაფიქსირდა, და მთლიანი იმპორტის, დაახლოებით, ერთი მესამედი შეადგინა. თავისთავად, მსგავსი ტიპის ტრანზაქციები უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის შესაფასებლად ნაკლებად რელევანტურია.

წმინდა შემოდინებების მატება თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან. როგორც წინა განახლებაში „რატომ მყარდება ლარი?“ აღვნიშნეთ, მიმდინარე მოვლენების ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითია, განსაკუთრებით იმპორტის კუთხით, თუმცა არა - ლარზე. ჩვენი შეფასებით, დეკემბერსა და იანვარში როგორც ჯამურად, ერთჯერადი ფაქტორების გარეშე, აგრეთვე, განსაკუთრებით, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იმპორტის მხრივ, შენელება იკვეთება,"-აღნიშნულია მიმოხილვაში. 

თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ მოხმარების ზრდას სენტიმენტების შედარებით გაუმჯობესება განაპირობებს, ზრდა იმპორტშიც გამოიკვეთება, რაც ლარზე პოზიტიურ ეფექტს შეასუსტებს. ამავდროულად, ასეთ სცენარში გასათვალისწინებელია ე.წ. კარგი დროის ბუფერი, რაც დეპოზიტების კვლავ ლარში კონვერტაციას მოიაზრებს; აგრეთვე, უფრო ძლიერი სავალუტო დაკრედიტება და, სავარაუდოდ, ტურიზმიდან მეტი შემოსავლებიც.

"მაშინ, როდესაც ტურიზმიდან შემოსავლები შიდა მოვლენებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ექსპორტი და ფულადი გზავნილები, დიდწილად, ეგზოგენურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. იანვარში კვლავ ტრადიციული წყაროებიდან ჩარიცხული გზავნილები დომინირებდა, განსაკუთრებით ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან, რომელთა წილმაც თითქმის 50% შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა ექსპორტშიც, ძირითადად ავტომობილების რეექსპორტის კუთხით, თუმცა აღსანიშნავია ადგილობრივი ექსპორტის მატებაც.

ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის დაწყებული მოლაპარაკებების კონტექსტში, თავისთავად, მიგრაციის ნაკადის მდგრადობა საყურადღებო გამოწვევაა. ამ მხრივ, მკითხველს შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სცენარში სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, როგორებიცაა უფრო დაბალი რისკის პრემია და მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში, ფართო მოხმარების საქონელზე ფასების შესაძლო კლება და ევროს გამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიურია", - აღნიშნულია მიმოხილვაში. 

გამოგვყევით