logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ლეღვთახევში, უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს

ლეღვთახევში, უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს

1740387642

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ლეღვთახევის ტერიტორიაზე, უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტირება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე განხორციელდა და ტერიტორიაზე ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებები დაიწყო.მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„ლეღვთახევში სარეაბილიტაციო სამუშაოები გვაქვს დაწყებული. ტერიტორიაზე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო - დაწყებულია ფერდის გამოფიტვა და ქვათაცვენის საშიშროება არსებობდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სივრცე მთლიანად გამაგრდეს. სამუშაოდ რთული ადგილია და მოგვიწია დროებითი პლატფორმის მოწყობა. პროექტის დასრულებას ვგეგმავთ აგვისტოში. გვინდა, რომ ტერიტორია სექტემბრიდან გაიხსნას, თუ რაიმე დამატებითი არ გამოჩნდა. არის კონკრეტული ადგილები, სადაც ფერდები კიდევ უფრო მეტად გამოფიტულია და მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული ადგილები, სადაც ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული სივრცე იქნება სრულიად უსაფრთხო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ქვათაცვენისა და კლდეზვავური პროცესების წარმოქმნა-განვითარების რისკის მოხსნამდე, ტურისტებისთვის ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი პაპავა, ასევე, კრწანისის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.

გამოგვყევით